„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განცხადება გააკეთა.
დღეს, 14 აგვისტოს 34 წელი გავიდა აფხაზეთში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან.
გვარამიამ „ქართულ ოცნებას“ რიტორიკული შეკითხვებით მიმართა, თუ ვინ დაიწყო 1992 წელს ომი აფხაზეთში. მან ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზეც.
„გვინდა შევეკითხოთ საქართველოს დამაქცევარ და ხელისუფლების მიმთვისებელ ივანიშვილის რეჟიმს – ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში? ესეც ჩვენ ხომ არ ვიყავით შემთხვევით? ვინ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ყველა შეთანხმება, მათ შორის სწავლის დაწყების შემდეგ? გაგრაში ვინ შევიდა, ვინ დახოცა ხალხი და ვინ ითამაშა ქართველების თავებით ფეხბურთი გაგრის სტადიონზე? – ეს მითოლოგია არ არის, ეს ნამდვილი ამბავია! ვინ მოახდინა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში? – შემთხვევით ეს ჩვენ ხომ არ ვართ?!
უკვე ათწლეულებია, რაც იქიდან ქართველები ვართ გამოყრილი, დახოცილი, სახლ-კარ წართმეულები. […]
ვინ შეიტანა ბენზინი საქართველოს კონსტიტუციის და კანონის დარღვევით ოკუპირებულ აფხაზეთში ანუ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს? ვის აქვს გარანტია იმისა, რომ იქ სადაც რუსეთი წყვეტს ყველაფერს, ეს ბენზინი რუსულ მანქანებში, პირდაპირი მნიშვნელობით – სამხედრო მანქანებში და გადატანითი მნიშვნელობით – დიდ სამხედრო აპარატში არ ჩაისხა? ამ ბენზინის თითოეული წვეთი უდრის უკრაინელების დაღვრილი სისხლის თითოეულ წვეთს. ამ ბენზინის თითოეული წვეთი არის ლახვარი საქართველოს ეროვნული ინტერესების გულში.
თუ ეს არის ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთისთვის, რატომ არ კეთდება იმის სანაცვლოდ, რომ გალში ქართული ენის სწავლა აღდგეს, სადაც ქართველებს ქართველობას სწორედ ამ გზით აკარგვინებენ? რატომ გადის საქართველოს ელექტროენერგიის 90% აფხაზეთში? ტყუილია, რომ ეს ჰუმანიტარული მისიაა, რადგან აფხაზეთში დენის დეფიციტია და ენგურჰესის 90%-იანი გამომუშავება სამჯერ მეტია აფხაზეთის მოთხოვნაზე. სინამდვილეში დენი გადის იმიტომ, რომ ივანიშვილი, რუსები და აფხაზი კრიმინალები ერთად აკეთებენ ფულს!
ყველამ ვიცით, სად არის სიმართლე! კითხვები რიტორიკულია, თუმცა მათზე პასუხებს მაინც მოვისმენთ. […]
ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი, მშვიდობიანი გზა არის ევროკავშირის წევრობა და აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაინტერესება, რომ ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი და მდიდარი სახელმწიფოს ნაწილი გახდნენ.
სინამდვილეში ხელისუფლება არის მოღალატე. ის ხელისუფლებაც არ არის – არის ძალაუფლების მიმთვისებელი რეჟიმი. ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ ისტორიის სანაგვეზე და რაც შეიძლება სწრაფად დავივიწყოთ კატასტროფები, რასაც აკეთებდნენ. ოღონდ ამ კატასტროფებისთვის ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ და რეჟიმი უნდა გასამართლდეს“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
12 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა, თუმცა მისივე თქმით, საწვავი ბიზნესმა შეიტანა და ეს მოხდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ჩარჩოს ფარგლებში.
„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა [საწვავი]. თუკი რამე ასეთი ნაბიჯი იდგმება, იდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში და თუ ჩვენ მომავალშიც გვექნება იმის საშუალება, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამას მომავალშიც გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას კრძალავს. დაშვებულია გამონაკლისი.
კანონის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ კომპანიის მფლობელმა, გიორგი არველაძემ დაუდასტურა.
როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, აფხაზ პარტნიორებს მიაწოდა.
„ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“, – უთხრა არველაძემ „რადიო თავისუფლებას.“
მისივე თქმით, რომ მის კომპანიას წლებია მინიჭებული აქვს „სპეციალური საწარმოს სტატუსი.“
ამჯერად საქართველოს მთავრობას სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. 2019 წელს მაშინდელმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დაამტკიცა „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესი. „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის შეტანის უფლება აქვს მინიჭებული. სწორედ ამ სტატუსის მატარებელია „სოლიდუსი“.
ბოლო დროს ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომობილების გრძელი რიგების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. ბენზინისა და დიზელის დეფიციტი უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და საცავების განადგურებას უკავშირდება.