დეპუტატი შალვა შავგულიძე საჯარო მოხელეების მხრიდან ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის ხელის შეშლის კრიმინალიზების ინიციატივით გამოდის. მან პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც დაარეგისტრირა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.
პროექტით, გაწერილია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოხელეებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, ვინც სხვადასხვა ფორმით ხელს შეუშლის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას.
ასევე უნდა დაისაჯონ ეს პირები, თუკი თავიანთი ქმედებით გამოიწვევენ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნისთვის რაიმე ტიპის სანქციის დაწესებას.
რით ასაბუთებს შავგულიძე კანონპროექტის აუცილებლობას?
განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს კონსტიტუციური ორგანოებისგან, რომ ყველა ღონე იხმარონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
თუმცა, „ქართული ოცნების“ ნაბიჯები, განსაკუთრებით კი ბოლოდროინდელი ქმედებები ინტეგრაციის გაღრმავებისკენ არაა მიმართული. პირიქით, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, მათი წევრი და საქართველოს მეგობარი სახელმწიფოებისაგან დაშორებისკენ მიმართულ ნაბიჯებად აღიქმება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ამის მაგალითად მოჰყავს შალვა შავგულიძეს შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა, რომელიც გარკვეული რეფორმების შემდეგ უნდა მიგვეღო და უკრაინის მიმართ დაკავებული პოზიცია, რომლის გამოც ზელენსკიმ უკრაინის ელჩი კიევში კონსულტაციებისთვის გაიწვია.
„ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების – ევროპის კავშირის და აშშ-ის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათი პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგოდ მოქმედება, მათთან ურთიერთობის გაუარესების და მათი პოლიტიკური მხარდაჭერის დაკარგვის საშიშროებას შეიცავს.
რაც ჩვენს ქვეყანას ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის პირისპირ მარტოდ დარჩენას უქადის და, შესაბამისად, რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგრადობას, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის კიდევ ერთი მიზანი ქვეყნის ანტისაოკუპაციო კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველყოფა და შესაბამისად, ანტისაოკუპაციო პოლიტიკის ხელის შეწყობაა.
შავგულიძე განმარტებით ბარათში წერს, რომ მართალია, ამისთვის შექმნილია კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, მაგრამ 2012 წლის შემდეგ მისი აღსრულება სათანადოდ არ ხდება და ამ კანონით დაწესებული შეზღუდვები და აკრძალვები, ფაქტობრივად, მკვდარ ნორმებად იქცა.
ამის მაგალითად კი მოყვანილია ბოლო წლებში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის და მომღერალ ლევ ლეშჩენკოს ვიზიტები საქართველოში. ამიტომ, საჭიროა კონკრეტული, სპეციალური სისხლისსამართლებრივი ნორმის შემოღება, რათა ზიანი არ მიადგეს ანტისაოკუპაციო პოლიტიკასა და სახელმწიფოს ინტერესებს.
რა და როგორ დაისჯება კანონპროექტის მიხედვით?
შალვა შავგულიძის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისათვის ხელის შეშლად მიიჩნევა:
- ევროკავშირთან, მის წევრ სახელმწიფოებთან და აშშ-თან საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ან სხვა ქმედება, რამაც მათ მიერ საქართველოსათვის დახმარების, მათ შორის, შეღავათიანი კრედიტის, შეჩერება, შეწყვეტა, ასევე პირობით შეთანხმებულ დახმარებაზე უარის თქმა ან სხვა ტიპის სანქცია გამოიწვია. ასევე თუკი გამოიწვია საქართველოს ინტერესისათვის სხვა მძიმე შედეგი;
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, რამაც მათგან საქართველოს გარიცხვა, წევრობის შეჩერება ან სხვა ტიპის სანქცია გამოიწვია;
- გაეროს, ევროკავშირის, NATO-ს ან აშშ-ის მიერ სანქცირებულ სუბიექტთან, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაბამისი სანქციის საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა სახის ურთიერთობის დამყარება.
კანონპროექტის მიხედვით, მოხელის მიერ ჩადენილი ეს დანაშაული დაისჯება 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით , თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ხოლო თუ აღნიშნულ დანაშაულს პოლიტიკური თანამდებობის პირი ჩაიდენს, მაშინ სასჯელი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით ცალკე მუხლი უნდა დაემატოს ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის თავს და დაისჯება ამ თავში გათვალისწინებულ დანაშაულებზე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევასა და იქ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობაზე არასათანადო რეაგირება.
პროექტის მიხედვით, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის უმოქმედობა ან არაჯეროვანი მოქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, დაისჯება 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთიტ, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
ხოლო თუ იმავე დანაშაულს პოლიტიკური თანამდებობის პირი ჩაიდენს, სასჯელი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება.