„მოქალაქეები” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეები“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის მიმართ ნდობა დაბალია და აუცილებელია, საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პარლამენტში გაეცეს პასუხი.

 „უპირველესად  „ქართული ოცნების“ ინტერესშია, ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. მივმართავთ ოპოზიციას, დაგვეხმარონ ამ ინიციატივის რეალიზებაში, რადგან პარლამენტში სულ ორი მანდატი გვაქვს. რეგლამენტის თანახმად, 30 ხმა საკმარისია საკითხის ინიცირებისთვის, 50 ხმა კი – კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს კითხვებს: როდინდელია ჩანაწერები და ეკავათ თუა რა პოლიტიკური თანამდებობი ამ დროს ჩუბინიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს.

„ჩვენ თავზარდამცემი ჩანაწერები მოვისმინეთ. რამდენიმე დღე გავიდა და არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვებზე – არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური? იკავებდნენ თუ არა მაღალ თანამდებობას ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები ჩანაწერების გაკეთების დროს და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა სახელისუფლებო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის? ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია, რაზეც, წესით, გამოძიებას პასუხი უნდა ჰქონდეს. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ამდენ ხანს გამოძიება დაწყებული იქნებოდა. ამის ნაცვლად  ვხედავთ პოლიტიკურ ინსინუაციებსა და სხვადასხვა სტუდიაში განხილვებს “, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


ტელეკომპანია „პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.

თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.