მოსამართლე: პირის ღირსება უფლებების ქვაკუთხედია, რომელიც არცერთ უფლებასთან შეფარდების დროს არ იზომება

პუბლიკა

იურიდიულ კომიტეტზე საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. თამარ ოქროპირიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გამოხატვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით მის სამოსამართლეო პრაქტიკაზე დაუსვა კითხვა.

გურამ მაჭარაშვილი: გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიან სახელმწიფოში. როდის უნდა შეიზღუდოს ეს თავისუფლება და როგორ ხედავთ ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და მართლწესრიგის აღდგენას შორის?

თამარ ოქროპირიძე: გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში უმთავრესი ღირებულებაა. კონვენციის მიხედვით გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად მისი უმაღლესი ღირებულებისა, არ არის აბსოლუტური უფლება და გარკვეული გარემოებების დროს შეიძლება შეიზღუდოს.

ეს არის, როცა გამოხატვის თავისუფლება ხელყოფს სხვათა უფლებებს, როცა სახეზეა საზოგადოებრივი ინტერესი და როდესაც ილახება მართლმსაჯულების ინტერესები. ბალანსის დადგენა უმნიშვნელოვანესია/ ბევრი საინტერესო გადაწყვეტილება არსებობს.

საინტერესოა აშშ-ის პრაქტიკა, სადაც გამოხატვის თავისუფლება მაღალი სტანდარტით არის დაცული და ჩვენ გვაქვს აშშ-ის მოდელი. მოვიყვან გამოხატვის თავისუფლების რელიგიის თავისუფლებასთან დაპირისპირების მაგალითს. საინტერესო გადაწყვეტილებაა, სადაც გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ გადაწყდა დავა, ვინაიდან აქ საქმე ეხებოდა რელიგიური გრძნობების ცალსახა შეურაცხყოფას და ევროსასამართლომ თქვა, რომ არ არის საზოგადოებრივი საჭიროება ამგვარი გამოხატვის და გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ გადაწყდა ეს დავა.

გურამ მაჭარაშვილი: ასი პროცენტიდან რა პროცენტულობით გადაანაწილებდით გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხარეს მართლწესრიგის აღდგენას?

თამარ ოქროპირიძე: რთული იქნება პასუხი, მაგრამ ოქროს შუალედია 50/50-ზე. გერმანიის საკონსტიტუციოს განმარტებას თუ მოვიშველიებთ, როცა გამოხატვის თავისუფლებით ხდება პირის ღირსების შეურაცხყოფა, რომელიც ყველა უფლების ქვაკუთხედია, ასეთ დროს გამოხატვის თავისუფლება უკან იხევს, რადგან ღირსება ეს შეუვალი პრინციპი და უფლებების საფუძველია, რომელიც არცერთ უფლებასთან შეფარდების დროს არ იზომება