მოსკოვში პატრიარქის კურთხევით ვარ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

პუბლიკა

მოსკოვში პატრიარქის კურთხევით ვარ, 2 თვის წინ ავიღე კურთხევა, მაგრამ კონკრეტულად ეს წირვა ვერ მოვასწარი და ვერ შევათანხმე მასთან“, – განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა „ფორმულას“ ეთერში.

შეკითხვაზე, რა მისიით იმყოფება მოსკოვში, ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ წასვლის მიზეზი ახალი წმინდანების შერაცხვაში მონაწილეობის მიღება მამა გიორგი კაჩუს შესახებ ფილმის ჩვენებაა. ასევე, წმინდა გიორგი ეკლესიაში წირვის აღვლენა და ფრესკების ასლების გამოფენის მონახულება.

„როდესაც დავიწყე შეთანხმება მოსკოვის საპატრიარქოსთან იმის შესახებ, რომ წმინდა გიორგი ტაძარში წირვა ჩამეტარებინა, მაშინ შემომთავაზეს, რომ პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღე არის და ხომ არ დავესწრებოდი, მე უარი არ მითქვამს“, – ამბობს ფაჩუაშვილი.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ომი „არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩვენ გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი რუსეთის ეკლესიასთან“. 

გადაცემა „პოლიტმეტრის“ წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა მიტროპოლიტს ასევე ჰითხა, ხომ არ უსაუბრია რუსეთის პატრიარქთან იმაზე, რომ იგი საქართველოს პატრიარქს სრული ტიტულიტ არ ახსენებს და გამორიცხავს აფხაზეთის ნაწილს.

„ეს არ არის სწორი რომ არ იხსენიებს, უბრალოდ ვერ მოიხსენიებს, იმიტომ რომ ეს არის სრული ტიტული პატრიარქის, რომელიც წირვა-ლოცვის დროს მოიხსენიება მხოლოდ საქართველოს მართმადდებელ ეკლესიაში, ნებისმიერ სხვა ეკლესიაში მხოლოდ „სრულიად საქართველოს“ ახსენებენ, მცხეთა თბილისის ეპისკოპოსსაც არ ახსენებენ“, – განაცხადა ფაჩუაშვილმა.

ცნობისთვის, გასულ წელს რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის გაგზავნილ ოფიციალურ სამძიმრის წერილში ილია მეორეს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს.

ჟურნალისტმა მიტროპოლიტს ასევე ჰკითხა, წუხილი ხომ არ გამოუთქვამს, რომ რუსეთი უკრაინასთან იქცევა სასტიკად, მათ შორის, რუსეთის საპატრიარქოს მხარდაჭერით.

„არაფერი წუხილი არ გამომიხატავს, მე წუხილს გამოვხატავ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო“, – განაცხადა ფაჩუაშვილმა და დასძინა – „რუსეთი რას აწარმოებს და რა დანაშაულებს სჩადის სახელმწიფო და მისი მეთაური, მე ამის შეფასების უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ, რადგან ეს პოლიტიკური საკითხია“.

მისივე თქმით, რუსეთის პატრიარქი მხარს არ უჭერს და ვერ დაუჭერს უკრაინაში მიმდინარე ომს და რომ ეს ინფორმაცია „გარეთ ვერ აღწევს“.


რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტის გარდა დღევანდელ მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები – „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი.

„პუბლიკა“ საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, რომ საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია მიტროპოლიტის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ მათაც რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან და ფოტოებიდან გაიგეს.