მოვუწოდებთ საქართველოსაც და უკრაინასაც, მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განიხილონ და არა საჯაროდ - დეგნანი

პუბლიკა

ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოსაც და უკრაინასაც, მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განიხილონ და არა საჯაროდ, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვისა და უკრაინის რადის დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებებს, საქართველოს მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე მოთხოვნას შეეხებოდა.

„აშშ-მა სთხოვა ყველა თავის პარტნიორს და მოკავშირეს, ნახონ, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე ხმის მიცემით. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი. ვფიქრობ, ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს იმ სენსიტიურ ვითარებას, რომელშიც საქართველო იმყოფება, რადგან თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასეთია კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხი პირადად“, – განაცხადა კელი დეგნანმა [„პირველი არხის“ თარგმანი].