მოზარდზე შესაძლო ჰომოფობიური თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

6 ნოემბერს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში არასრულწლოვანს თავს დაესხნენ. როგორც 17 წლის მოზარდი აცხადებს, თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა. მის მიერვე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ავტობუსში კაცი ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში არ აკონკრეტებენ, იდენტიფიცირებულია თუ არა თავდამსხმელი.

„ეს „კაცი“ თავს დამესხა ავტობუსში ჩემი პიჯაკის გამო. რატო გაცვია შეხსნილი ღილებითო. რა შენი საქმეა, მე რა მეცმევა-მეთქი და დავიწყეთ კამათი. მერე ეს კაცი წამოდგა და ხელის დასარტყამად გამოიწია. მერე კიდევ ერთი წამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი, რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. მერე გოგონებმა გამარიდეს და ავტობუსის წინა ნაწილში გადავედი, სადაც 112-ში დავრეკე. ეს კაცი მოვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა. დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ, მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ.

მერე წერეთლის 126-თან გააჩერა მძღოლმა. პოლიციას ველოდებოდით. ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა. მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე. მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი „ქალი” მე მაბრალებდა ამას. ვერ გიყვებით ღრმად დეტალებს, რადგან ცუდად ვარ, ამას რომ ვწერ. მერე პოლიცია მოვიდა და სასწრაფო გამოიძახეს. ამ ნაძირალას და ყველას იმ ავტობუსში, ვინც ჩემი უფლებები შელახა, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს! გახსოვდეთ ეს ომია თავისუფალი ადამიანების და უმცირესობების წინააღმდეგ. ეს თავდასხმაც ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა. გახსოვდეთ ჩვენ გავიმარჯვებთ!“, – წერს არასრულწლოვანი.