მშობელთა გაერთიანების წევრები შეშფოთებას გამოხატავენ კოვიდსტატისტიკის ზრდის გამო და მთავრობას წერილით მიმართავენ

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ პრემიერ-მინისტრს, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებს წერილით მიმართა. მშობელთა გაერთიანების წევრები შეშფოთებას გამოხატავენ კოვიდსტატისტიკის ზრდის გამო და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, რაც ბაღებსა და სკოლებში კოვიდით ინფიცირების რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.

„ჩვენ, მშობლებს მიგვაჩნია, რომ საბავშვო ბაღებისა და სკოლების გახსნის პარალელურად მთავრობის ყურადღების ეპიცენტრში უნდა იყოს covid 19-თან  დაკავშირებული რისკების მართვა და ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა. მშობლებისთვის ბუნდოვანია, რა მოტივით თქვა უარი ხელისუფლებამ დაწესებული კრიტერიუმების შესრულების აუცილებლობაზე. კერძოდ, დადებითობის მაჩვენებლის 4%-იან ზღვარზე, პედაგოგებში ვაქცინაციის 80%-იან ნიშნულსა და დიფერენცირებული მიდგომების გამოყენებაზე რეგიონულ ჭრილში. პროცესის გაუმჭვირვალობა გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არათანმიმდევრულია. კოვიდსტატისტიკის ზრდის ფონზე უკიდურესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი, რათა შევუნარჩუნოთ ბავშვებს უსაფრთხო და ბუნებრივ გარემოში განვითარების შესაძლებლობა.“- ნათქვამია განცხადებაში.

ბაღის აღსაზრდელთა და სკოლის მოსწავლეთა მშობლები მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ. წერილი 10 პუნქტიან გეგმას მოიცავს, რომელთაგან 7 ნაბიჯი მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას. მათ შორის არის: ვაქცინაციის პოპულარიზაცია მშობლების ჯგუფებში; სავალდებულო ტესტირების შემოღება ბავშვზე მორგებული მეთოდებით ბაღის აღსაზრდელებსა და სკოლის მოსწავლეებში; ბაღებსა და სკოლებში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგისთვის  დამოუკიდებელი მექანიზმების შექმნა მშობლების მონაწილეობით; ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გადახედვა და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დახმარების გაწევა; ფინანსური რესურსების გამოყოფა კლასებში ბავშვთა კონტინგენტის შესამცირებლად და კონკრეტული პარამეტრების დადგენა, თუ რა ფართის საკლასო ოთახში რამდენი მოსწავლის ყოფნაა დასაშვები ისე, რომ შესაძლებელი იყოს ბავშვებს შორის უსაფრთხო ფიზიკური დისტანციის დაცვა. მშობლები ასევე ითხოვენ გაიზარდოს ხელმიწვდომობა ფსიქოლოგიურ სერვისებზე, რათა ბაღები და სკოლები ეფექტიანად გაუმკლავდნენ ხანგრძლივი კარჩაკეტილობის შემდეგ მოსალოდნელ ფსიქოლოგიურ გამოწვევებს ბავშვებში.

მშობლები შიშობენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დაკმაყოფილების გარეშე, მოვლენები გასული წლის სცენარის მსგავსად განვითარდება და ბაღებისა და სკოლების შენობები ბავშვებისთვის  კვლავ დაიკეტება.