„მთავარი საკითხი იყო საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება“ | ერგნეთში შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის 98-ე შეხვედრა დასრულდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი საკითხი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.

მისი თქმით, შედგა თემატური დისკუსია კონკრეტულ საკითხებზე, იმსჯელეს კონკრეტულ ფორმებზე და გაკეთდა შეთავაზება, ამ კონკრეტულ შემთხვევებში გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული მიდგომა. მისი თქმით, კონკრეტული თარიღების თქმა რთულია, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები მალე გათავისუფლდებიან.

შეკითხვაზე – საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ ხომ არ მოითხოვეს წნელისი-ჩორჩანას საგუშაგოს აღება? – ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ „ამ საკითხზე საუბარი რაღაცის სანაცვლოდ ნამდვილად არ ყოფილა“.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართული მხარის მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების შესახებ მეორე მხარისგან კონკრეტული პოზიცია არ გაჟღერებულა.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, განიხილეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაფიქსირებული ინციდენტები, რომელთაგან, მისივე თქმით, მთავარი პრობლემა ბორდერიზაციის საკითხია.

დისკუსია ასევე შედგა ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით.  ანთაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს არის პოლიციის სტანდარტული პოსტი, რომელიც უსაფრთხოების დაცვის მიზნებს ემსახურება.

ირაკლი ანთაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს უკანონო წვრთნების საკითხი. მისი თქმით, ეს არის „ნეგატიური და დესტრუქციული მოვლენა“, რადგან აფეთქებების ხმა მუდმივ სტრესში ამყოფებს მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს.

სუს-ის მაღალჩინოსნის თქმით, ახალგორში თავისუფლად გადაადგილების პრობლემა ცენტრალური ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია. მან ისაუბრა ახალგორში მცხოვრებლების ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა სამედიცინო დახმარების მიღება, პენსიონერები და ა.შ.

„ჩვენი პოზიციაა, რომ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიხსნას და აღდგეს თავისუფალი გადაადგილება, იმიტომ რომ შეუძლებელია რამე წარმატებულ ნაბიჯზე საუბარი, თუკი არ იქნება თავისუფალ გადაადგილებაზე საუბარი“, – თქვა მან.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ინფორმაცია მიიღეს ახალგორელ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილზეც. მისი თქმით, მეარაყიშვილს „ჰქონდა გარკვეული საყოფაცხოვრებო ხასიათის პრობლემა“, რაც აღმოფხვრილია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს თავისუფალი გადაადგილების შესახებ და მოსახლეობის სამედიცინო პრობლემებზე.

მისი თქმით, პასუხი მიიღეს, რომ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით. ე.წ. საზღვარზე გადმოსვლის პროცედურები შემსუბუქდა.

მისი თქმით, შესაძლოა, ახალგორში მცხოვრებლებს გაუმარტივდეთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა.

„ადგილზე რაც შეეხება, იქ ადგილზე ადამიანებისთვის დახმარების გაწევას, ამაზე კვლავ უარს აცხადებენ. გვრჩება ერთადერთი ბერკეტი „წითელი ჯვარი“, რომელიც სრულად ვერ მოიცავს და არ არის საკმარისი მექანიზმი“, – ამბობს ზვიადაძე.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლები ამბობენ, რომ მიიღეს დახმარება რუსეთისგან, ასევე ცხინვალის საველე ჰოსპიტლისგან და მათთან შემცირდა კოვიდინფიცირებულების რაოდენობა.

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს შედგება.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ზაზა გახელაძის ოჯახთან შესახვედრად წავიდნენ.