მთავრობა ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს | სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოდგენილ საბოლოო პოზიციას აფასებს.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საერთაშორისო სასამართლოშიც კი ხელისუფლება აგრძელებს მსხვერპლისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას და აშკარად დაუსაბუთებეულ და ფაბრიკაციულ ინფორმაციაზე აპელირებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 23 ოქტომბერს დაჩქარებული წესით დაიწყო.

2020 წლის 21 ნოემბერს სოციალური სამართლიანის ცენტრმა გააგზავნა მისი შეპასუხება მთავრობის მოსაზრებებზე. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობამ ევროპულ სასამართლოში წარადგინა თავისი საბოლოო პოზიცია, რითაც დასრულდა მხარეთა შორის შეპასუხების ფაზა.

„მიუხედავად, იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის გარემოებები არ წარმოადგენს ოჯახის მიერ სტრასბურგში წარდგენილი განაცხადის დავის საგანს, კომუნიკაციის ყველა ეტაპზე სასამართლოსთვის მთავრობის მიერ გაგზავნილი მოსაზრებების დიდი ნაწილი ეთმობა სწორედ თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის წარმოჩენისა და მისი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირების მცდელობას.

სამწუხაროდ, მთავრობა კვლავ ცალმხრივი და დამახინჯებული ინფორმაციითა და არგუმენტებით ცდილობს თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას და ამ გზით, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული ფართომასშტაბიანი უკანონო სპეცოპერაციის დაგეგმვისა და აღსრულებისას მიღებული გადაწყვეტილებების გამართლებას, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს ვრცელ განცხადებას, სადაც ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობის (ევროპულ სასამართლოში მას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს) მიერ წარმოდგენილ რამდენიმე „პრობლემურ, დაუსაბუთებელ და აშკარად ფაბრიკაციულ მოსაზრებაზე.”

იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ქართული მხარის ოფიციალურ პოზიციას წარადგენს, მაჩალიკაშვილების ოჯახის იურისტების განცხადებას ეხმაურება.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ მხარე არ ეთანხმება სახელმწიფოს რომელიმე პოზიციას, მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა საპირისპირო პოზიცია დაეფიქსირებინა.

„ეს არის სტრასბურგში მიმდინარე დავა და მხარეთა პოზიციების ტელევიზიით განხილვა მიზანშეუწონელია დავის დასრულებამდე, ევროპულ სასამართლოში წარდგენილია სისხლისსამართლის საქმის ასლები სრულად, საიდანაც დგინდება მაჩალიკაშვილის კავშირი ტერორიზმთან. თუ მომჩივნები არ ეთანხმებიან სახელმწიფოს რომელიმე პოზიციას, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა საპირისპირო მოსაზრებები და მტკიცებულებები წარედგინათ ევროპული სასამართლოს წინაშე“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.