მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ნამახვანჰესის განხორციელება არ შეფერხდეს - ხუციშვილი

პუბლიკა

„პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს და დადგენილ ვადებში მოხდეს მისი დასრულება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე იმედს გამოვთქვამ, რომ ის პერიოდი, რა პერიოდიც აქვს გაცხადებული კომპანიას ხელშეკრლების შესაწყვეტად, თუ არ ვცდები, ეს არის 1-თვიანი პერიოდი, იქნება საკმარისი იმისთვის, რომ კომპანიასთან მოხდეს გარკვეული შეთანხმების მიღწევა და სურვილი არის ის, რომ კომპანიამ გააგრძელოს პროექტი და ეს პროექტი დასრულდეს იმ ვადებში რა ვადებშიც იყო განსაზღვრული”, – აღნიშნა მან.

სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია ENKA ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ENKA-ს წარმომადგენლობას საქართველოში, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ „ენკა“ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას გეგმავს.