მთაწმინდის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში ზონალური პარკირება ამოქმედდება

პუბლიკა

თბილისის მერიის ცნობით, პირველი მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ამოქმედდება.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარკირება დიდუბის რაიონში მოიცავს წერეთლისა და ცაბაძის ქუჩებს, 90 საპარკინგე ადგილით;

ჩუღურეთის რაიონში 13 ქუჩაზე გამოიყოფა 497 საპარკინგე ადგილი;

მთაწმინდის რაიონში – თავისუფლების მოედანსა და 32 ქუჩაზე გამოიყოფა 1 116 ადგილი.

ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება საბურთალოს რაიონის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე.

„საბურთალოს რაიონში დაემატება სამი ქუჩა, კერძოდ, ჩიქოვანის, ბალანჩივაძეებისა და ჩაილურის ქუჩები, ჯამში, 135 ადგილით. ამ რაიონებში, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 838 ადგილიდან 44 განკუთვნილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტომანქანების პარკირებისთვის, ხოლო ოთხი ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პირველი თებერვლიდან აღნიშნულ რაიონებში გამოყოფილ პარკირების არეალებში საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, სადაც მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.