მთიანი ყარაბაღი | ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებების დაცვისკენ თურქეთსაც მოუწოდებს

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სომხეთის შეტანილი საჩივრის საფუძველზე კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ზომების შესახებ, რომლითაც მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი  მოქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, ამჯერად სომხეთის საჩივრის საფუძველზე გადაწყვეტილება ყველა იმ მხარეზე გავრცელდა, რომელიც პირდაპირ ან ირიბადაა ჩართული კონფლიქტში, მათ შორის, თურქეთზეც.

„სასამართლო მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, რომელიც პირდაპირ ან ირიბადაა კონფლიქტის მონაწილე, მათ შორის, თურქეთს, რომ თავი შეიკავონ მოქმედებებისგან, რომელიც მოქალაქეების მიმართ დაარღვევს ადამიანის უფლებათა კონვენციით მინიჭებულ უფლებებს და მოუწოდებს პატივი სცენ კონვენციით აღებულ ვალდებულებებს“, – ნათქვამია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, პირველად, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანსა და სომხეთს დაავალა, თავი შეეკავებინათ ნებისმიერი ისეთი ზომის მიღებისგან, განსაკუთრებით სამხედრო მოქმედებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა სამოქალაქო პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ევროპულმა სასამართლომ ორივე სახელმწიფოს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ ინფორმაცია კონვენციის დასაცავად მიღებული ზომების შესახებ.


მთიან ყარაბაღში კონფლიქტი მე-10 დღეა მიმდინარეობს. კონფლიქტში ჩართულია არტილერია და მძიმე ტექნიკა. აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, სომხეთმა კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტაქტიკური დანიშნულების სისტემებიდანაც მიიტანა სარეკეტო იერიში. ჯერჯერობით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ გამართულა.

აზერბაიჯანულ და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პოზიციებს შორის ორმხრივი სროლა პირველად 27 სექტემბერს დილით დაიწყო. დაპირისპირების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

ამ დრომდე დაუდგენელია მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მათ მხარეს 230-მდე სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანში თავიანთი სამხედროების მსხვერპლზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. სომხეთისა და ყარაბაღის ოფიციალური პირები კი ამტკიცებენ, რომ სამხედრო მოქმედებებისას რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ერევნის ცნობით, კონფლიქტის განახლების შემდეგ სომხეთსა და ყარაბაღის რეგიონში დაიღუპა 19 სამოქალაქო პირი. ხოლო ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანული დასახლებების დაბომბვას გასული კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის 27 მოქალაქე შეეწირა.