მზად გვაქვს რეკომენდაცია იმუნიზაციის საბჭოზე წარსადგენად, რომ ვაქცინაცია დავიწყოთ 12-დან 15 წლამდე რისკჯგუფებში - ჩხაიძე

პუბლიკა

„იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს იმუნიზაციის საბჭოზე წარსადგენად მზად აქვს რეკომენდაცია. ეს რეკომენდაცია, პირველ ყოვლისა, გულისხმობს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის რისკის ჯგუფებში დავიწყოთ”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსუ- ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, რისკის ჯგუფებში, ძირითადად, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები შედიან.

„საქართველოში ბავშვთა ასაკი 0-დან 18 წლამდე განისაზღვრება. ჩვენ ვაქცინაცია პირველ ასაკობრივ ჯგუფში დავიწყეთ, ესაა 16-დან 18 წლამდე ასაკი. აღნიშნული ეხება „ფაიზერის“ ვაქცინას. მეორეა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ბევრი ქვეყანა ამ ასაკობრივ ჯგუფში მაისის თვიდან ვაქციანციას უკვე აწარმოებს. ორი განსხვავებული ტაქტიკა არსებობს: ერთია უნივერსალური ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მეორე კი ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანმოდან მოდის და გულისხმობს იმას, რომ 12-15 წლამდე ასაკში ვაქცინაცია მხოლოდ რისკის ჯგუფებში ჩატარდეს. რისკის ჯგუფების განსაზღვრება არსებობს.

საქართველოს 2 გზა აქვს ან ჯანმოს რეკომენდაციის შესაბამისად წავიდეს, ან მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპის ქვეყნები, ჩრდილოეთ ამერიკა, კანადა და აშშ – უნივერსალური ვაქცინაცია დავუშვათ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს იმუნიზაციის საბჭოზე წარსადგენად მზად აქვს რეკომენდაცია და ეს რეკომენდაცია, პირველ ყოვლისა, გულისხმობს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის რისკის ჯგუფებში დავიწყოთ. ესენი, ძირითადად, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან: ქრონიკული ნევროლოგიური, ქრონიკული რესპირაციული ქრონიკული გულსისხლძარღვთა სისტემა და ა.შ. ამ პაციენტების რაოდენობა არცთუ ისე ცოტაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, თუ იმუნიზაციის საბჭო დაეთანხმება მათ რეკომენდაციას, საქართველოში ვაქცინაცია მხოლოდ შერჩეულ ჯგუფებში დაიწყება.

„თუ ჯანმო შეცვლის რეკომენდაციას და გახდის უნივერსალურს, ჩვენ შეიძლება, ამ ასაკობრივ ჯგუფშიც დავუშვათ ვაქცინაცია შერჩევის გარეშე. აქვე მინდა, დავამატო, რომ აშშ, სავარაუდოდ, ნოემბრისთვის მიიღებს ვაქცინაციას 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებშიც. ჩვენ ცოტათი ჩამოვრჩებით ამ ტემპს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები კორონავირუსის ძირითად სამიზნეს არ წარმოადგენენ, განსხვავებით გრიპის ვირუსისგან“, – განაცხადა ჩხაიძემ.