ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი აქცია იმართება

პუბლიკა

ნამახვანჰესის წინააღმდეგ სოფელ ჟონეთში მორიგი აქცია იმართება. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პროტესტს თბილისიდან ჩასული მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს მშენებელი კომპანია „ენკას” ოფისთან.

მოსახლეობა მოითხოვს, კომპანიამ შეაჩეროს მიმდინარე სამუშაოები და გაიყვანოს ტექნიკა. ადგილობრივი აქტივისტების თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პროექტი დაუსაბუთებელია. ისინი ამბობენ იმასაც, რომ აქვთ შეკითხვები რიგ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც სახელმწიფოსგან და კომპანიისგან პასუხებს და განმარტებებს ვერ იღებენ.

14 ნოემბერს, სახელმწიფომ სოფელ ჟონეთში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული აქცია საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა. დაზიანება მიიღო აქციის რამდენიმე მონაწილემ.

მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა. ასევე, ერთობლივი განცხადება გაავრცელა EMC-იმ, „მწვანე ალტერნატივამ” და საიამ. მათ მოუწოდეს საქართველოს მთავრობას:

  • „შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შექმნას მოსახლეობასთან, ფართო საზოგადოებასთან და დარგის სპეციალისტებთან განგრძობადი და რეალური დიალოგის ფორმატი;

  • უზრუნველყოს ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერება ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებთან და განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობასთან ჯეროვანი კონსულტაციების გამართვამდე და კომპანიის მხრიდან ჰესის შესაძლო ზეგავლენის თაობაზე არსებითი ხასიათის დოკუმენტაციისა და კვლევების წარმოდგენამდე”.

ნამახვანჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.