ნათია თურნავა - დღეს დავიწყეთ პროცესი სახელად „უკეთესი ნამახვანისთვის“

პუბლიკა

„ჩვენ დღეს დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „უკეთესი ნამახვანისთვის“. – ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა.

„ჩვენ შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევების გადამოწმება არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ კვლევები საკმაოდ სოლიდურია, მრავალი წელი მიმდინარეობდა და შესრულებულია  კვალიფიციური ექსპერტების მიერ, სრულყოფა ყოველთვის შეიძლება”. – ამბობს მინისტრი.

მინისტრის თქმით, თუკი საზოგადოებაში, მათ შორის, ექსპერტულ წრეებში დამკვიდრდა აზრი, რომ პროექტს აქვს გარკვეული რისკები, რომელთა გამორიცხვა არ მოხდა, თუმცა შეიძლება გამოირიცხოს შემდგომში სწორი კვლევების შედეგად, ხელისუფლება ვალდებულია, ამაზე შესაბამისი პასუხი გასცეს და რეაგირება მოახდინოს.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო ნებართვა მოსამზადებელ სამუშაოებზეა გაცემული, რომელიც ადგილზე სამშენებლო ბანაკის გამართვას და სხვადასხვა ტიპის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოიცავს.

„ეს სამუშაოები არ მოიცავს კაშხალს. თუმცა რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, მისი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. პრაქტიკულად, სამუშაოები არც შეწყვეტილა, კომპანია ადგილზეა, ტექნიკა იქ არის, მუშები იქ არიან და გაგრძელდება ნორმალურ რეჟიმში” – ამბობს თურნავა.