NATO და აშშ წერილობით პასუხებში უარს აცხადებენ რუსეთის მთავარი მოთხოვნების შესრულებაზე

პუბლიკა

შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ წუხელ წერილობით უპასუხეს რუსეთს წაყენებულ მოთხოვნებზე.

მიუხედავად იმისა, რომ თავად წერილობითი პასუხი საჯარო არაა, ცნობილი გახდა, რომ არ შესრულდება რუსეთის ორი მთავარი მოთხოვნა – უარი ეთქვას საქართველოსა და უკრაინას NATO-ში მიღებაზე და გავიდეს ალიანსის შეიარაღებული ძალები მისი აღმოსავლეთ ქვეყნებიდან.

ამ ორი მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, დასავლეთმა რუსეთს შესთავაზა ურთიერთდათმობა და თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხში, მათ შორის, სამხედრო წვრთნის შემცირებასა და შეაირაღების კონტროლში.

როგორც The New York Times წერს, წერილებში, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და NATO-მ ცალ-ცალკე მოამზადეს, დასავლეთმა რუსეთს წაუყენა ულტიმატუმი – დაჯდეს მოსკოვი მათთან მოლაპარაკების მაგიდაზე და აირჩიოს დიპლომატიური გზა, ან შეიჭრას უკრაინაში, რასაც სახელმწიფო ადმინისტრაციის განცხადებით, მისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვება.

წერილობითი პასუხების გაგზავნის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მათ ასევე მოსთხოვეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე იმყოფებიან.

სტოლტენბერგის თქმით, ისინი ხედავენ თანამშრომლობის შესაძლებლობას NATO-რუსეთის ურთიერთობებსა და ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებაში. თუმცა, მისი თქმით, დასავლეთი არ აპირებს დათმობებზე წავიდეს მისი მოკავშირე სახელმწიფოების არჩევანზე უარის თქმით და არ გადაიხედება „ღია კარის“ პოლიტიკა.


რუსეთმა მოთხოვნების წამოყენება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო უკრაინის საზღვრებთან ათობით ათასი სამხედროს თავმოყრის პარალელურად. მოსკოვი მოითხოვს, რომ დასავლეთისგან წერილობით გარანტიები მიიღოს აღმოსავლეთით მისი გაფართოების შეწყვეტაზე, ხოლო ვარშავის პაქტის ყოფილი ქვეყნებიდან გავიდნენ მოკავშირეთა სამხედრო ძალები.

რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე რამდენჯერმე გაიმართა მოლაპარაკება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. რუსეთის წარმომადგენლები შეხვდნენ NATO-სა და ეუთოს წარმომადგენლებსაც.

ჯერჯერობით, რუსეთსა და უკრაინას შორის ვითარება დაძაბული რჩება. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვმა უკრაინის საზღვრებთან ასი ათასზე მეტი სამხედრო, სარაკეტო შეიარაღება, მძიმე ტექნიკა და არტილერია გადაისროლა. თებერვალში დაგეგმილი წვრთნის მომიზეზებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები შედიან მოსკოვის მოკავშირე ბელარუსშიც, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება.

კრემლს სამხედრო აგრესიის თავის შეკავებისკენ არაერთხელ მოუწოდეს დასავლეთში. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში რუსეთს დამანგრეველი ეკონომიკური სანქციები ემუქრება.

უკრაინამ კი ბოლო კვირების განმავლობაში სამხედრო დახმარება მიიღო დიდი ბრიტანეთისგან, აშშ-ისა და ბალტიის ქვეყნებისგან. NATO-მ კი ალიანსის აღმოსავლეთ ქვეყნებში თავისი წარმომადგენლობის ზრდა დაიწყო. The New York Times-ის ცნობით, ვაშინგტონი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით რამდენიმე ათასი სამხედროს გადასროლასაც განიხილავს.