ნინო ხარატიშვილი ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე

პუბლიკა

არაერტი პრესტიჟული ჯილდო ლაურეატი, მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი ეხმაურება ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ „ყოველი ადამიანი, რომელიც განსაზღვრავს ქართული კინოს ბედს, უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნების ხარისხს და არავის და არაფერ სხვას“.

„ხელოვნება უნდა იყოს და დარჩეს დამოუკიდებელი! კინო, თეატრი, ლიტერატურა, ყოველი მისი დარგი. სხვაგვარად წინ კი არ წავალთ, მსოფლიოს კი ვერ ავუბამთ ფეხს, არამედ წარსულში დავბრუნდებით. გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი. არცთუ ისე შორეულ წარსულში გვქონდა ცენზურაც და დამონებული კულტურაც. უკიდეგანოდ სევდისმომგვრელია, რომ ამ სასტიკმა და მრავალწლიანმა გამოცდილებამაც ვერ ჩამოშალა ბოლომდე ის სისტემა, რომლის ნაწილიც იყო საქართველო 70 წელი. თითქოს ჩვენი წითელი წარსული მხოლოდ კომაში იყო და არ მომკვდარა, ბოლომდე არ ამოძირკვულა და სულ უკან და უკან გვაბრუნებს.

ხელოვნება ის სფეროა, განსაკუთრებით კი ქართული კინო, რომელიც ბოლო წლებში, ქართულ მუსიკასა და ლიტერატურასთან ერთად ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს, რომ საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს, მისადმი ინტერესი გაჩნდეს, საქართველო მსოფლიო და, განსაკუთრებით, ევროპულ დისკურსში ჩაერთოს.

ყოველი ადამიანი, რომელიც განსაზღვრავს ქართული კინოს ბედს, უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნების ხარისხს და არავის და არაფერ სხვას. ყოველი კომისია და ჟიური უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული და არ უნდა ექვემდებარებოდეს არანაირ მმართველ აპარატს. როგორც ეს ხდება ყველა პროგრესულ ქვეყანაში, პროგრესულ სამყაროში, რომლის ნაწილად ყოფნა, საქართველოს მომავალ თაობას ესოდენ სურს და რომელსაც ის იმსახურებს!“, – ამბობს ნინო ხარატიშვილი „პუბლიკასთან“.


„ქართული კინო საფრთხეშია“ – თითქმის ერთი კვირაა, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ეროვნულ კინოცენტრთან იკრიბებიან, სოლიდარობას უცხადებენ ცენტრის თანამშრომლებს და უშედეგოდ ითხოვენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას.

11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან; მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ კი მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“.