ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე დაწყებულ გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია | შეფასება

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები, ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთა უფლების სისტემური დარღვევის უმძიმეს გამოცდილებას ეხმაურებიან.

ორგანიზაციები გამოხატავენ შეშფოთებას, რომ პანსიონატში შექმნილი კრიზისიდან 1 წლის შემდეგაც, ბავშვთა მიმართ ინსტიტუციური ძალადობის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია. არც რელიგიური პანსიონების დეინსტიტუციონალიზების რეფორმის პროცესი დაწყებულა. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), კავშირი „საფარი“ ნინოწმინდის პანსიონის 11 ბენეფიციარის ინტერესებს იცავენ გამოძიების წინაშე და სწორედ ამ საქმეებიდან გამომდინარე, აფასებენ გამოძიების პროცესს.

„ჩვენს წარმოებაში არსებული საქმეების გამოძიების პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიება ფორმალურ და ილუზორულ ხასიათს ატარებს და იგი ვერ აკმაყოფილებს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ბაზისურ სტანდარტებსაც კი. ამ დრომდე საქმის გამოძიება არ მიმდინარეობს რელევანტური სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციით, ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დაგვიანებით, ამ დრომდე არ მომხდარა პანსიონის აღსაზრდელთა დაზარალებულად ცნობა და მათთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემა.

პრობლემურია ისიც, რომ ნინოწმინდის პანსიონის კრიზისის შემდეგ, სახელმწიფომ არ დაიწყო რელიგიური პანსიონების დეინსტიტუციონალიზების ფართე რეფორმა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში, ისევე, როგორც ძალადობის გამოცდილების მქონე სხვა რელიგიურ პანსიონებში, ისევ რჩებიან აღსაზრდელები”, – ამბობენ ორგანიზაციებშ.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საჭირო ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება;

  • უზრუნველყოს დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და  გამოძიების დასრულება გონივრულ ვადაში.

საქართველოს პროკურატურას

  • უზურნველყოს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის შეცვლა და გამოძიება წარიმართოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 3-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას დამამაცირებელი და არადამიანური მოპყრობისთვის;

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დანაშაულის მსხვერპლების დაზარალებულად ცნობა და გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები დაზარალებულ პირებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს

  • უზრუნველყოს პანიონის  ყოფილი ბენეფიციარებისათვის  სპეციალური  პროგრამის შემუშავება,  რომელიც ხელს  შეუწყობს მათი რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის   პროცესს;

  • უზრუნველყოს პანიონის ყველა ყოფილი ბენეფიციარისთვის  ფსიქოლოგიური  რეაბილიტაციის  კურსის   ორგანიზება;

  • პანსიონის  ყოფილი ბენეფიციარებისთვის  პროფესიული და უმაღლესი  განთლების  მიღება  გახდეს უფასო;

  • პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების, რომლებიც არ დაბრუნებულან  ბიოლოგიურ ოჯახებში,  სოციალურად  დაუცველი პირების ერთიან ბაზაში რეგისტრაცია მოხდეს განსხვავებული წესით და გამარტივებული ფორმით.

  • ნინოწმინდისა და სხვა პანსიონში ამჟამად  მყოფი ბავშვი  უზრუნველყოს ზრუნვის ალტერნატიული ფორმით;

  • საჯარო განხილვისთვის წარმოადგინოს, რელიგიური კონფენსიების დაქვემდებარებაში არსებული, დიდი  ზომის  სააღმზრდელო  დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის  კონკრეტული  გეგმა და მოახდინოს გეგმის შემუშავების პროცესში  სამოქალაქო სექტორის ჩართვა.

ორგანიზაციების მიერ გამოძიების პროცესში შეფასებული ხარვეზების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.