ნონა მამულაშვილის და გიორგი მუმლაძის პირველი კომენტარი ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ

პუბლიკა

დიდ სურათში – ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს ერთ-ერთი კანდიდატი ნონა მამულაშვილი.

მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა, ხაბეიშვილს მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგი მას არ აძლევს იმედს, რომ ქვეყნისთვის საჭირო პროცესი დაიწყება.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა… ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში – ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე“, – წერს მამულაშვილი.

არჩევნებში მონაწილე კიდევ ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე წერს, რომ ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რაც მისასალმებელია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა, მიიღეს პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რაც პატივსაცემია! ეხლა საქმის დროა, ლაპარაკის ნაცვლად!“, – დაწერა მან.

ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა ნიკა მელიამაც.