„ოცნებამ“ მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტების გაცემის აკრძალვის პროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ უნებართვო გრანტების აკრძალვის პაკეტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით ხვალ, 16 აპრილს მიიღებენ. მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

„ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით დაიწყო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და მასთან ერთად გრანტების შესახებ კანონში, კორუფციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხილვა.

ინიციირებული ვარიანტი პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ შესწორდა.

ვიზირებული პროექტის მიხედვით,დონორებს გრანტის გასაცემად მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა დასჭირდება.

გრანტის მიზნის ცვლილებას, დონორთან ერთად, მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა დასჭირდება.

თანხმობის გარეშე გრანტის გაცემად ასევე ჩაითვლება თანხის საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნისგან განსხვავებული მიზნით გამოყენება.

კანონში ცვლილება ასევე ვრცელდება „ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზე, რომლებიც თავისი ბუნებით წარმოადგენს გრანტს, მაგრამ გაცემულია კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით“.

აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება დაუშვებელია. 

თანხმობის გარეშე გრანტის მიღება გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით.

მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება:

  • საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე;
  • საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე.

ინიციირებულ ვერსიაში გამონაკლისი იყო საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღება, თუმცა ვიზირებულ პროექტში ეს ჩანაწერი აღარ არის.

აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.

ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება, გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში და სხვა დოკუმენტაცია, გამოკითხოს ფიზიკური პირი ბიუროში ან მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შესახებ, სახელმწიფო ორგანოები ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდიან ანტიკორუფციულ ბიუროს.

ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ანტიკორუფციული ბიურო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.

თანხმობის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ და მიღებულ გრანტებზე, თუ არ შეიცვლება გრანტის ხელშეკრულება.