ოხანაშვილის თქმით, 2%-იანი ბარიერის პირობა არ გაუციათ — რას ამბობდა „ოცნება" 2021-2022 წლებში

პუბლიკა

დღეს, 16 ნოემბერს სამთავრობო ტელეარხ „იმედის“ ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ „ქართულ ოცნებას” არ გაუცია საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერის ჩატარების პირობა.

„საზოგადოებამ იცის, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი არ ყოფილა [ევროკავშირის] 12-პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ვერც განიხილება [ბარიერის დაწევის საკითხი]. ეს უკავშირდება ქვეყნის შიდა კონსტიტუციურ, საარჩევნო სისტემას და ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს ქართველ ხალხს. […] არავითარი დაპირება არ გაგვიცია, ვალდებულება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება 5%-იანი ბარიერის და პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში“. – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის ეს განცხადება მთლიანად მმართველი პარტიის ნარატივია – „ქართული ოცნება” არ აპირებს, საარჩევნო ბარიერი 2%-მდე დაწიოს.

თუმცა ისევე, როგორც მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები, ანრი ოხანაშვილიც 2021 წელს სწორედ ამ პირობას დებდა.

კერძოდ, 2021 წლის 6 სექტემბერს ოხანაშვილმა თქვა:

„გუნდი შეთანხმებულია და როცა არ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, 2%-იანი ბარიერითა და სრული პროპორციული სისტემით გაიმართება”.

2022 წლის 7 ივლისს ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, კონსტიტუციაში ბარიერის შესახებ ჩანაწერი შეიცვლებოდა.

„საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება“. – თქვა კობახიძემ.

იმავე წლის 7 სექტემბერს პარლამენტის 126-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარიც დაუჭირა შესამაბის საკონსტიტუციო ცვლილებებს.

იმავე წლის 18 ოქტომბერს კობახიძემ თქვა:

„საარჩევნო ბარიერის დაწევა არც ევროკავშირის 12 პუნქტით იყო მოთხოვნილი. „თუმცა თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ პოლარიზაციის ხარისხი შეამცირონ, ჩვენ სავარაუდოდ, ამ საკითხის განხილვას მივუბრუნდებით 2023 ან 2024 წელს. მანამდე, ეს საკითხი არ განიხილება”.

2022 წელს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა – ეს ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის 8 ნოემბერს გააკეთა. ახლა კობახიძე ამბობს, რომ ბარიერის დაწევის პირობა გასულ წელს გასცა იმ დათქმით, რომ კანდიდატის სტატუსი გასულ წელს უნდა მიგვეღო.