ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ვიზიტი არა ნიკა მელიას მხარდაჭერას, არამედ ქართული დემოკრატიის გადარჩენას ემსახურება.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი, სახელმწიფოსი, რომელიც არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი და რომელიც საქართველოში ვიზიტს მომდევნო თვის დასაწყისში გეგმავდა, მაგრამ დღეს ჩამოვიდა, იმიტომ, რომ არაორდინარული ვითარება შეიქმნა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ცდილობენ, რომ ქართული დემოკრატიის განადგურებას ხელი შეუშალონ. ეს ვიზიტი ემსახურება ქართული დემოკრატიის გადარჩენას და ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაიხიოს უკან და მიხვდნენ, რომ „ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება და ეს მისია არის შეუსრულებელი“.

ნიკა მელიამ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების საწინდარი ვერ გახდება მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ოპონენტების სამართლებრივი დევნის შეჩერება. მისი თქმით, პირველ რიგში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.