სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული აქტივისტები, ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი მოინახულეს. ომბუდსმენის აპარატში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მათგანს სხეულზე ხილული დაზიანებები აღენიშნება.
„დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადეს. ერთ-ერთ მათგანს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები, სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები კიდურებზე.
სახალხო დამცველის აპარატმა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და შემდგომშიც გააგრძელებს მიმდინარე სამართალწარმოების მონიტორინგს”, – წერია განცხადებაში.
გუშინ ადვოკატებმაც აღნიშნეს, რომ ერთ-ერთ დაკავებულებს, კერძოდ ალბი კორძაიას დაზიანებები აღენიშნებოდა.
22 მაისს ზურაბ ჯაფარიძის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები, ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადვოკატების ცნობით, მათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან ( 166-ე და 173-ე მუხლები).