ომბუდსმენი: თავზარდამცემია, რომ იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე

პუბლიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და წერს, რომ თავზარდამცემია, რომ ქალაქში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას და სრულფასოვან განვითარებას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება.

ომბუდსმენი დანაშაულის დროულ გამოძიებასა და რეაგირებაზე საუბრობს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ ბავშვებს, რომლებიც ამჟამადაც იღებენ სამედიცინო დახმარებას.

შემზარავი და თავზარდამცემია, რომ ქალაქში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას და სრულფასოვან განვითარებას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება. წარმოუდგენელია, რომ ბავშვები მსგავსი ტრაგედიის მსხვერპლნი ხდებიან.

აუცილებელია, მოხდეს ამ ფაქტის დროული და ეფექტიანი გამოძიება და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ უმძიმეს ტრაგედიაში.

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ მძიმე დროს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდეს მკაფიო განცხადებები, გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და გაზიარებული იყოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“, – წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.