ომბუდსმენის აპარატი ბავშვებთან დაკავშირებით პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეხმაურებიან ბოლო დროს, პოლიტიკური ოპონირებისას გაკეთებულ მიმართვებს, რასაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში და ასევე, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ბავშვის უფლებებსა და ინტერესებს ეწინააღმდეგება.

აპარატში მიიჩნევენ, რომ ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ დისკურსში, არასრულწლოვანების ოჯახური კუთვნილების თუ სხვა ნიშნით გამორჩევა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, გამოიწვიოს ბავშვებს შორის შესაძლო ჩაგვრის წახალისებაც კი.

„თითოეულ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით პარლამენტის თითოეულ წევრს, საკუთარი მანდატის ფარგლებში, აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული, არაძალადობრივი გარემოს შექმნას.

პოლიტიკური დისკუსიის წარმართვისას მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პარლამენტარებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, არ დაუშვან ერთმანეთის ოჯახის წევრების, მათ შორის, არასრულწლოვანების ნეგატიური კონტექსტში მოხსენიება და თავად უპირატესად იყვნენ თითოეული ბავშვის უფლებების დაცვის გარანტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული დარღვევების შესწავლის, მონიტორინგისა და აღნიშნულზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით აამოქმედონ ეთიკის საბჭო.