ომბუდსმენის მოადგილე წინასწარ ახდენს ზეწოლას სასამართლოზე - მდინარაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მედიასთან განმარტავს, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლოსთვის საჩივრით არ მიუმართავს.

„საჩივარი კლასიკური გაგებით ჰქვია იმ დოკუმენტს, რომელსაც საჩივარი აწერია საკუთრივ; არაკლასიკური, ქვეყანაში ზოგადად მოაზრებული გაგებით არის საჩივარი, როდესაც ადამიანს რაღაცა სანქცია ეკისრება ამ საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად. არც ერთია და არც მეორე, შესაბამისად, საჩივრად ვერ განიხილება“, – განაცხადა მდინარაძემ, რომელმაც ასევე თქვა, რომ საკონსტიტუციომ მხოლოდ ფაქტები უნდა დაადგინოს და განმარტოს, ვის რა კომპეტენცია აქვს.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს იწყება იმპიჩმენტისთვის მზადება.

მისი თქმით, სოციალურ ქსელში ზიარდება ირაკლი კობახიძის წიგნიდან ამონარიდი:

„ის ამონარიდი რომ წაიკითხონ, როცა არაფერ შუაში არ იყო არც კომპეტენციების გამიჯვნა და არც არავის ჰქონდა იმის წინასწარი მოლოდინი, რომ ვიღაც ასე მოიქცეოდა რაც კონსტიტუციაში არ წერია, მაშინ იწერებოდა სახელმძღვანელო და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონსტიტუციონალისტის მიერაც ჩაწერილია თავის სახელმძღვანელოში, რა როგორაა და კომპეტენციებიც გამიჯნულია. ამაში თუ იმეცადინებენ, ცუდი არ იქნებოდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვინც სოციალურ ქსელში კობახიძის წიგნს აზიარებს, მათ შორის ხომ არ გულისხმობს სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს – მდინარაძე ამბობს, რომ მათ შორის მასაც გულისხმობს.

„საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც სახალხო დამცველის მოადგილე წინასწარ ახდენს ზეწოლას საკონსტიტუციო სასამართლოზე და მის დისკრედიტაციას ცდილობს, არ არის ეს სწორი.

მას რაც უნდა პირადი შეხედულებები ჰქონდეს, მას პოზიცია უჭირავს დღეს, ამ ქვეყნის ომბუდსმენის მოადგილეა. NGO-ს შემთხვევაში სხვა უფლება-ვალდებულებები აქვს ადამიანს, ჩვენს შემთხვევაში – სხვა, მათ შორის, თმენის ვალდებულება, რაც შეიძლება მას არ ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ერთ-ერთი მთავარი უფლებადამცველი პირდაპირ იერიშს მიიტანს, წინასწარ თან, კონკრეტულ უწყებაზე თუ ინსტიტუტზე, იმგვარად რომ აშკარად ჩანს მისი ტენდენციურობა, ეს ცუდია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადების შემდეგ გიორგი ბურჯანაძემ სოციალურ ქსელში განმარტა, რომ ის მოსამართლეებს „უბრალოდ დასცინის“, რადგან საკონსტიტუციოს მოსამართლეთა უმრავლესობა მანტიის ტარებას არ იმსახურებს.

„ორი დღეა ამ ხალხს ზეწოლა და დაცინვა ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან“, – წერს ბურჯანაძე.


გუშინ, 15 მარტს, „ქართული ოცნების“ განცხადების გავრცელების შემდეგ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ სოციალურ ქსელში გააზიარა ამონარიდი ირაკლი კობახიძის წიგნიდან და მიაწერა: „დარწმუნებული ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს არადამოუკიდებელი მოსამართლეები კონსტიტუციას ისე განმარტავენ „როგორც მამას უნდა“.

ამონარიდი ი. კობახიძის წიგნიდან