ომბუდსმენმა საზმაუდან გათავისუფლებული ჟურნალისტების საქმეზე არსებითი დარღვევა დაადგინა

პუბლიკა

სახალხო დამცველის ოფისმა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების: იმედა დარსალიას, სოფიო ზედელაშვილისა და თამთა ჯანაძის საქმეზე არსებითი დარღვევა დაადგინა და მაუწყებელს მათი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მიმართა. ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების უფლებებს, რომლებმაც ტელევიზია ცენზურის მცდელობასა და რესპონდენტების „შავი სიის“ არსებობაში ამხილეს.

„სასამართლოსთან ერთად, ჩვენმა ორგანიზაციამ სახალხო დამცველს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანისა და კორესპონდენტების გათავისუფლების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მიმართა. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველის ოფისმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა რეკომენდაციით, ბათილად ცნოს ბრძანებები იმედა დარსალიას, სოფიო ზედელაშვილის და თამთა ჯანაძის დათხოვნის შესახებ და თითოეული მათგანის მიმართ გამოიყენოს საქართველოს შრომის კოდექსის გათვალისწინებული რესტიტუციის შესაბამისი ღონისძიება“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე ნათქვამია, რომ გატარებული ღონისძიების თაობაზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სახალხო დამცველის აპარატს კანონმდებლობით დადგენილ 20-დღიან ვადაში უნდა აცნობოს.

LB loan image desktop LB loan image mobile