ოპერატორებმა არ დაიცვეს გაფიცვის ვადები და წესი - ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადება

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულა“ ოპერატორების გაფიცვისა და მათი გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ტელეკომპანიის განცხადებით, 25-მა ოპერატორმა, რომელთა დეპარტამენტში ანაზღაურება 1000-დან 3000 ლარამდეა, საშუალო ხელფასი კი 2500 ლარი, ხელფასის დაუყოვნებლივ გაზრდა მოითხოვა 500 ლარით. ადმინისტრაციამ კი მათ განუცხადა, რომ ახლა ანაზღაურების მატება შეუძლებელი იყო.

„ფორმულას“ განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოპერატორებმა ხელმძღვანელობის პოიზიცია მოისმინეს, დიალოგის გაგრძელება აღარ ისურვეს და მეორე დღიდანვე, 1 თებერვლიდან უარი თქვეს მოვალეობების შესრულებაზე. რის გამოც ტელევიზიის ფუნქციონირებას შეექმნა საფრთხე. ტელეკომპანია 3 თებერვლის ჩათვლით ცდილობდა მათთან მოლაპარაკებას, მაგრამ უშედეგო მცდელობების შემდეგ, იმის გამო, რომ ოპერატორებმა დაარღვიეს შრომითი ხელშეკრულება, მათთან კონტრაქტები გაწყვიტეს.

„1 თებერვლიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ფორმულას ადმინისტრაციას ჰქონდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების არაერთი მცდელობა. ვთხოვდით, დაბრუნებოდნენ თავიანთ სამუშაო გარემოს, შეესრულებინათ კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები და ვთავაზობდით ალტერნატივებს.

განვუმარტეთ, რომ კომპანიას ამ ეტაპზე არ ჰქონდა ხელფასის ყველასთვის ზრდის საშუალება. თუმცა, შევთავაზეთ, რომ მათ უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაციით, ინდივიდუალურად ყოფილიყო განხილული ხელფასის სამომავლოდ მატების საკითხი და კრიტერიუმები. გვჯერა, რომ ხელფასის მატება ინდივიდუალური მოლაპარაკების საკითხია და მიბმულია თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე, უნარებსა და პასუხისმგებლობაზე.

მოლაპარაკებები მიმდინარეობდა როგორც ზეპირად, ისე წერილობით. სამი დღის განმავლობაში, მათგან ისმოდა, რომ მხოლოდ თავიანთ ულტიმატუმზე იდგნენ და არ აპირებდნენ მის შეცვლას/რამე კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას.

უფრო მეტიც, როდესაც ვცდილობდით მოკლე დროში გამოძებნილი ოპერატორების მცირე რესურსით გვემუშავა, რათა ნიუსგამოშვებები ეთერში გაგვეშვა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფები პირადად და სხვა ოპერატორების გავლით უკავშირდებოდნენ გადაღებაზე გასულ ჩვენს თანამშრომლებს და აყენებდნენ შეურაცხყოფას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ იქნა დაცული გაფიცვის გამოცხადების კანონით დადგენილი ვადები და წესი. ტელეკომპანიის ადმინისტრაციას ოფიციალური შეტყობინება გაფიცვის გამოცხადების (მუშაობის შეწყვეტის) შესახებ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების მიხედვით არ მიუღია.

ოპერატორებმა 3 დღის განმავლობაში უხეშად დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ტელეკომპანიას, რასაც შესაბამისად მოჰყვა გაფრთხილებები და შემდგომ კონტრაქტის შეწყვეტა.

ვწუხვართ, რომ პროტესტის ფორმები და შერჩეული დრო ძალიან მძიმედ აისახა ფორმულას ყველა თანამშრომელზე. სამწუხაროა, რომ ოპერატორებმა არც კანონით დადგენილი ვადა დაიცვეს და არც კოლეგიალობა“, – აცხადებს ტელეკომპანია „ფორმულა“.


გაფიცული ოპერატორები, ვინც ტელეკომპანია „ფორმულას“ ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა, პროტესტს აგრძელებენ.

როგორც ოპერატორები „პუბლიკასთან“ ამბობენ, ისინი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან ღირსებისშემლახავი დამოკიდებულების გამო ბოდიშის მოხდას, სამსახურში აღდგენას, ხელფასების მატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ოპერატორები ასევე ამბობენ, რომ იურისტებთან კონსულტაციებს გადიან და გეგმავენ სამართლებრივი დავის დაწყებასაც.

„ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები 31 იანვრიდან გაიფიცნენ, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.