ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას, გავაგრძელებთ მუშაობას - მდინარაძე

პუბლიკა

„ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება, აქედან გამომდინარე, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოგეხსენებათ, ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები. დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ შედეგი, რომ იმ ხუთი კანდიდატიდან, რომელთაგანაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შევთავაზეთ, ერთი ამოერჩიათ და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იყო, შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არც ერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც, რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, პრაქტიკულად იგივე შედეგი დაიდო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებითაც.

„როგორც ომბუდსმენის შემთხვევაში, აქაც ირკვევა, რომ ოპოზიცია მათ მიერ მხარდაჭერილი 5 თუ 6 კანდიდატის გარდა (და აქაც ანა აბაშიძის და ბურჯანაძის გვარები მეორდება), არცერთ სხვაზე საუბარს არ აპირებენ. ერთი გადაკვეთის წერტილიც კი არ აღმოჩნდა. ამიტომ საგაზაფხულო სესიისთვის შევეცდებით, რომ ეს ხარვეზი აღმოვფხვრათ“,- განაცხადა მდინარაძემ.

28 ნოემბერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს გააგრძელებდა. ესენი იყვნენ: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია. 19 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ 8 კანდიდატიდან სამზე კონსულტაციების გაგრძელებას მმართველი პარტია არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ომბდუსმენობის კანდიდატებზე მსჯელობის დაწყებამდე, სახალხო დამცველობის 19 მსურველი ომბუდსმენის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფმა შეაფასა. გიორგი ბურჯანაძემ ყველაზე მაღალი ქულები მიიღო.