„ოპოზიცია არც მიშას და არავის თამაშსა თუ TikTok-ებს არ თამაშობს" | შეფასებები „გირჩის“ განცხადებაზე

პუბლიკა

„გირჩის“ მიერ ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრის დატოვებას შეხვედრაზე მყოფი სხვა პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა იაგო ხვიჩიას ვერსიისგან განსხვავებულად ჰყვება, როგორ განვითარდა შეხვედრაზე მოვლენები:

„მოსული იყო ორივე დაბოლილი დღეს და , როგორც ყოველთვის, რასაც საერთოდ აკეთებენ, უნდოდათ ყურადღების მიქცევა. ხან მელიას დააბრალეს, რომ პისტოლეტით დასდევდა და დღეს მოიგონეს რაღაცა მეორე სისულელე. სინამდვილეში სტენოგრამა იყო ასე: ჯერ ერთი, მოვიდნენ დაუპატიჟებლად.

ზრდილობიანად სთხოვა ბატონმა შალვამ, დაეტოვებინათ დღევანდელი შეკრება, რის შემდეგაც დაიწყეს პროვოკაცია, რო არა, ჯერ უნდა მოგვისმინოთო და მე ვუპასუხე ამაზე – კაცო, გამოდიხართ ტელევიზიით და გვაბრალებთ, რომ ჩვენ მიშას თამაშს ვთამაშობთ და მაშინ აქ რაღაზე მოდიხართ-მეთქი და ამაზე ჩავარდა ექსტაზში ხვიჩია, რომ – აი აღიარა, რომ მიშას თამაშს თამაშობენო და ამის შემდეგ მოუწიათ სხდომის დატოვება“, – განაცხადა კახა კუკავამ.

შეხვედრის მასპინძელი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მის ოფისში იკრიბებიან ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „დანასისხლად იყვნენ გადაკიდებული ერთმანეთს“. ნათელაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად „გირჩთან“ სტრატეგიაში განსხვავებისა, შესაძლოა, ისევ განმეორდეს სამომავლოდ „თანამშრომლობის ეპიზოდები“.

„ოპოზიცია არც მიშას, არც ბიძინას, არც შალვას და არავის თამაშსა თუ TikTok-ებს არ თამაშობს. ოპოზიცია იბრძვის საქართველოს მომავლისთვის და ამ ბრძოლაში ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი და ყველა ფიგურა არის მესამეხარისხოვანი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

„მაგაზე ბევრჯერ ვთქვი, რომ მე თუ მექნება შანსი, მხოლოდ გასართობ გადაცემაში ვისაუბრებ“, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „გირჩის“ განცხადებებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, „გირჩი“ რეალობას აცდენილია და პარტიის გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი მელიას პატიმრობის გამოყენებას აპირებს, მიუღებელია.

„მე, ისევე როგორც ბატონ ელისაშვილზე, დავასრულე „გირჩზე“ საუბარი“, – განაცხადა დეკანოიძემ.


„ფაქტობრივად, ხალხმა, ვინც შიგნითაა, ერთხმად დაგვიდასტურეს, რომ თამაშობენ მიშას თამაშს. მაგალითად, კახა კუკავამ მითხრა, რომ გვაცალეთ მიშას თამაშის თამაშიო. კი, ასე მითხრა კახა კუკავამ მაგრამ ზოგადად განწყობა იყო ეს“, – ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, მას უნდოდა, განეხილა სამი საკითხი: თანახმა იყო თუ არა ოპოზიცია სრულად პროპორციული არჩევნების საკითხზე; ესაუ ბრაარჩევნების გაყალბების მტკიცებულებების შეგროვებაზე; მესამე – რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას დაიჭერენ. ხვიჩიას თქმით, ვერცერთ საკითხზე ცხადი პასუხი ვერ მიიღეს.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, დააკვირდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები ნიკა მელიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ მათთვის სავარაუდო სცენარი განვითარდება, „გირჩს“ მოუწევს, გაემიჯნოს როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას.

„ორი მხარე, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი ჩხუბი იყოს მთავარი ივენთი ამ ქვეყანაში. ამისთვის აგერ თავმჯდომარეა გამზადებული, ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი, რომელიც, თუ დაიჭერენ, ყველას შეგვეცოდება და ვერაფერს ვეღარ გავაკეთებთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.