ოპოზიციური პარტიები: რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზის ღალატია

პუბლიკა

7 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, ამ კანონის მიღება არის საქართველოს ევროპული გზის ღალატი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი წლის წინ, მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა დაიცვეს ქვეყნის ევროპული არჩევანი და ხელისუფლებას უკან გააწვევინეს რუსული კანონი, ახლა კი კანონის ხელახლა ინიცირებით, მთავრობამ „აბუჩად აიგდო ეს ახალგაზრდები და გატეხა სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვა”.

„დღეს, ქართული ოცნების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ძალაუფლებისა და ანტისახელმწიფოებრივი, კორუფციული ქმედებებით მოხვეჭილი ქონების შენარჩუნება. მაშინ როდესაც ხელისუფლება თავად იქცა სიღარიბის, კორუფციის, ფასების კატასტროფული ზრდის და ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების მთავარ მიზეზად, ივანიშვილი ცდილობს პუტინის სტილში ჩაახშოს კრიტიკული ხმა და მოგუდოს თავისუფალი საზოგადოება. მმართველი ძალა სრულად დაიცალა ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისგან. ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებული რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ასცდება ევროპულ გზას და საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ევროკავშირის წევრობით გარანტირებული უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის კარი კიდევ დიდი ხნით დაიკეტება. ახლა, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის უმთავრეს პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას და გახდება საქართველოს ევროპის ოჯახში დაბრუნების გარანტია”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

„ახალი”
„გირჩი – მეტი თავისუფლება”
„დროა”
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
„ლელო საქართველოსთვის”
„რესპუბლიკური პარტია”

„სტრატეგია აღმაშენებელი”

 

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.