ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პარლამენტთან გოჭი მიიყვანეს

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. როგორც ისინი ამბობენ, პარლამენტში ერთი პარტიის შესვლით საქართველო საბჭოთა კავშირში ბრუნდება.

პარლამენტთან შეკრებილების თქმით, ერთპარტიული პარლამენტი „ცხოველთა ფერმას“ ემსგავსება. ამის სიმბოლოდ კი, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გოჭიც მიიყვანეს.

„როგორც ხედავთ, გოჭი მოვიყვანეთ ყელსაბამით. ეს არის კომუნიზმის სიმბოლო, როცა წითელი ლენტებით დადიოდნენ ერთპარტიულ პარლამენტში. ჩვენ მოვედით, რომ საზოგადოებას შევახსენოთ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა ერთპარტიული „ქოცური“ პარლამენტი. ამიტომ მოვედით, რომ გავაგებინოთ – ეს პარლამენტი არაავითარ შემთხვევაში არ გადაიქცევა „ცხოველების ფერმად“, – ამბობს აქციის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ნოზაძე.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტებმა გამთენიისას თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საბჭოთა კავშირის სიმბოლოს სტენსილებიც გააკეთეს. ნამგალისა და უროს სტენსილი „ქართული ოცნების“  რამდენიმე საარჩევნო პლაკატზეც გაჩნდა.