ორმა რუსულმა რაკეტამ უკრაინაზე იერიშისას რუმინეთის საჰაერო სივრცეც გადაკვეთა - ზალუჟნი

პუბლიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, დღეს მორიგი სარაკეტო იერიშის დროს რუსეთმა NATO-ს საჰაერო სივრცეც დაარღვია. ზალუჟნის განცხადებით, „კალიბრის“ ტიპის ორმა რაკეტამ მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა უკრაინაში მიზნამდე მისაღწევად.

რაკეტებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში, ჯერ უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს, შემდეგ შეიჭრნენ მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში და იქიდან ხელახლა გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი.

„დღეს, 10 თებერვალს, 10:18 საათზე „კალიბრის“ ტიპის ორმა ფრთოსანმა რაკეტამ გადაკვეთა უკრაინისა და მოლდოვის საზღვარი. დაახლოებით 10:33 საათზე რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცეც გადაკვეთეს. ამის შემდეგ რაკეტები შემოიჭრნენ ისევ უკრაინის საჰაერო სივრცეში იმ ადგილას, სადაც ჩვენი სამი ქვეყნის საზღვარი იკვეთება. რაკეტები შავი ზღვიდან იყო გაშვებული“, – აცხადებს ზალუჟნი.


დღეს რუსეთმა კიდევ ერთხელ სცადა უკრაინის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის და სამოქალაქო ობიექტების განადგურება. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქების ხმები გაისმა კიევის, პოლტავის, ლვივის და ივანო-ფრანკივი ოლქებში, ასევე დაიბომბა ხარკივი და ზაპორიჟია. კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა მუშაობს და ცდილობს სარაკეტო იერიშს მოგერიებას. აფეთქებების ნაწილი შესაძლოა, სწორედ განადგურებულ რაკეტებს უკავშირდებოდეს.