ორშაბათს ჩემს გეგმებსა და პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე ვისაუბრებ - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში „უშუალოდ ჩართვაზე“ განცხადების გაკეთებას გეგმავს. სააკაშვილი facebook-ზე წერს, რომ მის მომავალ გეგმებზე განცხადებას ორშაბათს, 6 სექტემბერს გააკეთებს.

„ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“, – წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც ქართულმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, უკრაინიდან შესაძლო ჩამოსვლაზე განცხადება რამდენჯერმე გააკეთა. მათ შორის, ბოლოს სააკაშვილმა ივლისში განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდებოდა.

„ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც, ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე, ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ საქართველოში ჩამოვიდე, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“, – თქვა 29 ივლისს გაკეთებულ ონლაინ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა.