ოთხმა ტელევიზიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა

პუბლიკა

„გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!” – აღნიშნული მოთხოვნით, ოთხმა ტელეკომპანიამ – „TV პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ – მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.

ტელეკომპანიების ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებსაც 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ თავს.

5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.

მათ შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.