შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს და ამბობს, რომ „ნომინალური და უთანასწორო კავშირის გამოცდილების გამეორებას არ აპირებს“.
დღეს, 16 ივნისს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კიდევ ერთხელ დაესხა თავს ევროკავშირს და გაფართოების კომისარ მარტა კოსს და განაცხადა, რომ „ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს“.
გუშინ, 15 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე მარტა კოსმა უკრაინისა და მოლდოვის კავშირში გაწევრებაზე საუბრის დროს უარყო ნაწილობრივი უფლებებით წევრობის კონცეფცია, რომელიც ახალ წევრებს ხმის სრულ უფლებას ჩამოართმევს.
მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვის სრულ თანასწორობას ბლოკში გაწევრიანების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეინარჩუნებენ სტანდარტული ვეტოს უფლებას და ხმის მიცემის თანაბარ უფლებას, ისევე, როგორც ეს აქვთ სხვა სახელმწიფოებს.
Politico-სთან საუბარში მარტა კოსმა თქვა, რომ ევროკავშირი ასევე მუშაობს „ძლიერ დამცავ ზომებზე“, რათა უზრუნველყოს, რომ მომავალმა წევრმა ქვეყნებმა ვერ შეძლონ რეფორმების ჩაშლა ან ვეტოს უფლების გამოყენება ბლოკის საქმიანობის ხელის შესაშლელად.
„თუ ახალი წევრი სახელმწიფო წესებს დაიცავს, არაფერი მოხდება. თუ წესებს არ დაიცავს, ეს დამცავი მექანიზმები ძალიან მკაცრად ამოქმედდება – სწორედ ასეთ სისტემას ვქმნით“, – განუცხადა მარტა კოსმა Politico-ს.
პაპუაშვილის ინტერპრეტაციით, „ეს იმასაც გულისხმობს, რომ წევრობის ეტაპზე გადასვლის შემდეგ საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალ წევრ სახელმწიფოებს, კვლავ ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსი ვალდებულებები ექნება, თუმცა უფლებრივად მათთან თანასწორი არ იქნება. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს“.
პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა არის ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში წერია“.
„საქართველოს უკვე აქვს ნომინალური და უთანასწორო კავშირის წევრობის 70-წლიანი გამოცდილება, რომლის გამეორებასაც ჩვენ არ ვაპირებთ. თუკი ევროკავშირის წევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამგვარ ცვლილებას დაუშვებენ, გამოვა, რომ მათ, პრობლემა ჰქონიათ არა საბჭოთა კავშირთან, არამედ იმასთან, თუ ვინ დომინირებს ამგვარ კავშირში“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
გუშინ, 15 ივნისს ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრების მოლაპარაკების პირველი კლასტერი გახსნა.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი ოფიციალურად 2022 წლის 3 მარტს წარადგინა, ხოლო წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების პროცესს. მის ამ განცხადებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც „ოცნების“ ხელისუფლებამ ძალადობით უპასუხა.
საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მცირე მასშტაბით, მაგრამ ამ დრომდე გრძელდება.
„ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ესხმის თავს ევროკავშირს, მის ლიდერებს, ასევე წევრი ქვეყნების ლიდერებს და მათ ელჩებს საქართველოში.