პაპუაშვილი ომბუდსმენის განცხადებაზე: ეს იყო პარლამენტზე პირდაპირი შეტევა

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისის განცხადება პარლამენტზე პირდაპირი შეტევა იყო. ამის შესახებ პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

 „ძალიან ცუდი როლი ითამაშა გუშინ ომბუდსმენის ოფისის განცხადებამ. ძალიან გამიკვირდა ეს განცხადება. ფაქტობრივად, ეს იყო პარლამენტზე პირდაპირი შეტევა, რაც ჩვენ გუშინ ომბუდსმენის განცხადების კუთხით ვნახეთ. გუშინ პარლამენტმა, ფაქტობრივად, თანხმობით, პირველი მოსმენით მივიღეთ რეგლამენტში ცვლილებები. რამდენიმე წუთი თუ საათი იყო გასული ამ გადაწყვეტილებიდან და ომბუდსმენის ოფისის, არა თავად ომბუდსმენის, არამედ ომბუდსმენის განცხადებასავით გამოქვეყნდა, რომელიც არც კი აღნიშნავს, რომ მისასალმებელია შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღება. პირდაპირ იწყებს ამ გადაწყვეტილების დისკრედიტაციით, რაც, ფაქტობრივად, რადიკალური ოპოზიციის ნაწილისთვის სიგნალი იყო, რომ დღეს იმავე კანონისთვის, რომელიც გუშინ გვქონდა და რომელშიც გათვალისწინებულია ზუსტად ის შენიშვნები, რომელიც მათ ჰქონდათ, დღეს მხარი არ დაეჭირათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სახალხო დამცველი  აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წარმოდგენილი პროექტით სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.

„კანონპროექტის წინამდებარე ვერსიის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიეცემა შესაძლებლობა, კანონისაგან განსხვავებულად განსაზღვროს კანდიდატის წარმდგენი სუბიექტების წრე, რაც შეკითხვებს წარმოშობს როგორც კანონის უზენაესობის, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით. უმჯობესია მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხები და გარანტიები სწორედ კანონით იქნას მოწესრიგებული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შედარებით მცირე მნიშვნელობის პროცედურული დეტალები განისაზღვროს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვის პროცესში გაითვალისწინებს აღნიშნულ მოსაზრებებსა და სტანდარტებს და მათ საფუძველზე სახალხო დამცველის მიუკერძოებელ, ობიექტურ და მაღალკვალიფიციურ კანდიდატურას საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად შეარჩევენ.

რა წერია სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესში?

სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის მიხედვით, რომელიც გუშინ მეორე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს კანდიდატურები წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით ქმნის შეფასების 9-კაციან ჯგუფს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შეფასების ჯგუფის შექმნამდე პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციებს გამართავს. სამუშაო ჯგუფის მიზანია სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველი პირების შეფასება.

კანდიდატურები ფასდებიან კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ცვლილებების მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი პარლამენტს წარუდგენს ერთ ან მეტს კანდიდატურას იმ პირთაგან, ვინც მიმართა საქართველოს პარლამენტს შეფასების პროცესში მონაწილეობისთვის.