პარტიორების შიშველი ფოტოების გავრცელებისა და შანტაჟისთვის 5 პირი დავაკავეთ – საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი აღნიშნულ ვიდეო და ფოტო მასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 157 პრიმა, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც დაექვემდებარა“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

LB loan image desktop LB loan image mobile