პატარა, მომაკვდავი ლეკვის ვეტექიმთან მიყვანის შემდეგ 3000 ლარით დამაჯარიმეს - მოქალაქე

პუბლიკა

მოქალაქის თქმით, ცხელ ხაზზე – 144-სა და 112-ში რამდენიმე უშედეგო ზარის შემდეგ ლეკვი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, ვეტკლინიკაში თავად წაიყვანა მანქანით. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ კი პოლიციამ მსუბუქ ავტომანაქანებზე დაწესებული რეგულაციის დარღვევისთვის დააჯარიმა.

მიშა კაჭკაჭიშვილი „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ რამდენიმე დღის წინ ნაპოვნ ლეკვს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, 112-ს კი ვერ დაუკავშირდა. პოლიციას ჯარიმის გამოწერამდე აჩვენა კლინიკაში გამოწერილი ქვითარი და აუხსნა მიზეზი, შემდეგ მათ თვალწინ კვლავ სცადა 112-თან დაკავშირდება, კვლავ უშედეგოდ. ამის მიუხედავად, კაჭკაჭიშვილის თქმით, პოლიციამ 3000 ლარით მაინც დააჯარიმა.

„აუცილებელი იყო ვეტექიმთან მისვლა. იქიდან გამოსვლისთანავე გამაჩერა კრიმინალურმა პოლიციამ“, – ჰყვება მიშა კაჭკაჭიშვილი „პუბლიკასთან“. ის ჯარიმას უსამართლოდ მიიჩნევს და გასაჩივრებას გეგმავს.