პატრიარქი შეურაცხყვეს, ჟურანლისტებს არ აქვთ ამის უფლება - ენუქიძე

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი და ამჟამად „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი პარლამენტში, დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე ითხოვს, რომ პარლამენტმა ცილისწამების შესახებ კანონი მიიღოს.

„მედიის გარკვეული ნაწილი ბოლო პერიოდში გადასულია მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ლანძღვაზე და მეორე ნაწილის დეზინფორმაციაზე. მოგეხსენებათ, ჩვენ რომ აქ შემოვედით, გარკვეული შეურაცხყოფები მივიღეთ. შემდეგ, როცა ალეკო ელისაშვილი შემოვიდა, რა სცენები დაუდგეს, ესეც ყველამ კარგად ვნახეთ. ახლა უკვე მივიღეთ კულმინაცია და მინდა, ამას გავუსვა ხაზი. ყველამ ნახეთ ის გადაცემა, რომელსაც მოჰყვა საქართველოს ეკლესიის ფაქტიურად… არ მინდა ახლა გავიმეორო და კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი და უწმინდეს და უნეტარესს როგორც ერთი კაცი ბოდიშს ვუხდი… საერთოდ რომ დადგა ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს, პარალელიც არსებობს, როგორც კი გააქტიურდება რაღაც პოლიტიკური საკითხები, ეგრევე ესხმიან თავს ეკლესიას. მეჩვენება, რომ ამის უკან ვიღაც დგას და ამ პროცესებს ვიღაცა მართავს. ამიტომ, რაც შეგვრჩა და რაც ყველასთვის საერთოა და უზენაესია, ეს მაინც დავიცვათ რაღაც ფორმით.

ეს ფორმა არის ის, რომ მივიღოთ კანონი, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა დააინიცირა. აღვადგინოთ კანონი ცილისწამების შესახებ. გთხოვთ ძალიან, დაგვიჭირეთ მხარი. ყველამ მიიღოს თავისი, ვისაც რა ეკუთვნის. მეტი რა გითხრათ – პატრიარქი და ეკლესია შეურაცხყვეს. რის უფლებაც არ აქვთ, ჟურნალისტები ნუ აძლევენ თავს ამის უფლებას”, – ამბობს ავთანდილ ენუქიძე.

12 თებერვალს სინოდის სხდომის შემდეგ „TV პირველის” გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იყო მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელმაც ილია მეორეს უწმინდური უწოდა და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. სავარაუდოდ, დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე სწორედ ამ გადაცემაზე საუბრობს.