პენიტენციური: ფეიქრიშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია – დაუმუშავდა თვითდაზიანებისას მიყენებული ჭრილობა ხელზე

პუბლიკა

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება.

მათივე ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილი ამჟამად №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება არა დეესკალაციის ოთახში, არამედ საკანში.

„აქვე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, 20:25 საათზე, ბრალდებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით დეესკალაციის ოთახიდან გადაყვანილ იქნა №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია – დაუმუშავდა თვითდაზიანების მიყენების შედეგად არსებული ჭრილობა ხელზე (გაჭრილი ჰქონდა კანი და კუნთოვანი ქსოვილი).

ამის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა №8 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში (მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე), სადაც იმყოფებოდა დღემდე, 22 ოქტომბრამდე. დღეს კი, 15:30 საათზე გიორგი ფეიქრიშვილი გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციური დაწესებულების საკანში. იგი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ადვოკატის მიერ ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება“,- ნათქვამია განცხადებაში.

20 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ  მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ გიორგი ფეიქრიშვილის ძმის, დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ფეიქრიშვილის ადვოკატის თქმით, დავით ფეიქრიშვილს 16 ოქტომბერს ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და კიდე ორი პირი.

„ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები ჩამტვრეული და აღენიშნება სისხლნაჟღენთები“ – ამბობს ადვოკატი. მისივე თქმით, თავდამსხმელები აგრძელებენ დავით ფეიქრიშვილზე ზეწოლას და მას ტელეფონის კოდს სთხოვენ. ადვოკატის თქმით, ციხის თანამშრომლებმა ყველაფერი იციან და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.

კლინიკა „ვივამედში“ ადასტურებენ, რომ დავით ფეიქრიშვილი 19 ოქტომბერს კლინიკაში შეიყვანეს და ღამით გაწერეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. ექიმ ზურაბ ჩხაიძის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. 20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა.

ჩხაიძის თქმით, ფეიქრიშვილს ზედა კიდურები ჰქონდა დაზიანებული.

პენიტენციური გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ანგარიშსწორების ფაქტს უარყოფს ვატო ყოფიანიც.

ყიფიანის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას განუცხადა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა – „ის კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მასთან ერთად იჯდა, და კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე კონფლიქტს და დაპირისპირებას“.