პენსიონერი ექიმები გამოგვეხმაურნენ და მათი რესურსიც იქნება გამოყენებული - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტუდენტების შემდეგ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში პენსიონერი ექიმები და სხვა პროფილის ექიმებიც ჩაერთვებიან.

„მნიშვნელოვანია და ყველაზე საყურადღებოდ კვლავ გვრჩება ჩვენი ადამიანური რესურსი, რომელიც ჩვენ გაზაფხულიდან ვიცით, რომ გვყავს განსაზღვრული რაოდენობით და ყველაზე კრიტიკული არის სწორედ სამედიცინო პერსონალის მობილიზება. ჩვენ გავატარეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც ამ ეტაპისთვის საკმაოდ გვეხმარება პაციენტების მართვაში და ეს არიან სტიუდენტები, რომელთა გადამზადებაშიც ჯანდაცვის სამინისტროს განათლების სამინისტრო დაეხმარა. მადლობა ყველა იმ სტუდენტს, რომლებმაც მოხალისედ გამოხატეს მზაობა და ჩაერთნენ ამ რთულ ბრძოლაში, უხილავ მტერთან ბრძოლაში. ისინი გადანაწილებული არიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე იმ ორი ონლაინკლინიკის მართვაში, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს ფრთისვქეშ რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. მათი მხრიდანაც გვაქვს გამოხმაურება. სპეციალური ბაზებით, რომელიც რეგულირების სააგენტოშია, მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და მათი რესურსიც აქტიურად არის გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს კიდევ დამატებითი რესურის მობილიზება იმ სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს ასევე ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა.

„იგივე სტომატოლოგები, შესაბამისი სამედიცინო განათლებით, ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუტში და მათ კარგად იციან ადამიანთა ჯანმრთელობის შესახებ. შეგვიძლია, ამ დროს გამოვიყენოთ,   V-VI კურსის სტუდენტები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.