პესკოვის თქმით, რუსეთი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ცდილობს

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი Sky News Arabia-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის მიზანი უკრაინის ნაწილებად დაყოფა არ არის და ის მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ცდილობს.

პესკოვის თქმით, 2014 წლის „სახელმწიფო გადატრიალების“ შემდეგ უკრაინა „ნაცისტური იდეოლოგიის გავლენას“ დაექვემდებარა, რუსეთს კი მისი ამ იდეოლოგიისგან გათავისუფლება სურს. მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს ინფრასტრუქტურის გაზრდა პირდაპირ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას.

პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი ევროპაში უსაფრთხოების სფეროში ბალანსის შეცვლას და უკრაინისთვის NATO-ს ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდების შეჩერებას ცდილობს.

ის ასევე უარყოფს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებას.

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა არ მომხდარა და არ დაზიანებულა. რაც მის ირგვლივ მოხდა, იყო პროვოკაცია უკრაინელი ნაციონალისტებისა და ექსტრემისტების მხრიდან, რომლებმაც შეტევა განახორციელეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე“, – განაცხადა პესკოვმა.

დმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და უსაფრთხოების საფრთხე არ არსებობს.