პირველ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა ფაიზერი | რომელ 7 კლინიკაში დაიწყება აცრები

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე შემოსულია Pfizer-ის 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად და 14 000 ადამიანს მოხმარდება.

მისი თქმით, Pfizer-ის შემთხვევაში მეორე დოზა კეთდება პირველი დოზის მიღებიდან 3 კვირის შემდეგ. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ Pfizer-ის მეორე პარტიის შემოსვლის შემდეგ Pfizer-ით აცრის შესაძლებლობა ექნებათ 16 წელს ზემოთ პირებს.

„იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ ასაკი დაიწევა Pfizer-ზე, როგორც არის ინსტრუქციით, 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალ კვირაში მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და უკვე მეორე პარტია რომ შემოვა Pfizer-ი ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წელს ზემოთ პირებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით Pfizer-ით აცრები 16 ივლისიდან დაიწყება და აცრის შესაძლებლობა იქნება 7 კლინიკაში. ეს კლინიკებია:

თბილისი:

  • „ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო”
  • „კავკასიის მედიცინის ცენტრი”
  • „ბოკერიას კლინიკა”
  • „ამტელ ჰოსპიტალი”

გორი:

  • გორის სამხედრო ჰოსპიტალი

ბათუმი:

  • ბათუმის ჰოსპიტალი

ქუთაისი:

  • დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული ცენტრი

ამირან გამყრელიძის თქმით, Pfizer-ის პირველი პარტია ადმინისტრირებული იქნება ზემოაღნიშნულ კლინინკებში, ხოლო, მეორე დოზებზე თანდათან გაფართოვდება კლინიკების ჩამონათვალი.

გამყრელიძის განმარტებით, ივლისის ბოლომდე Pfizer-ის დოზებზე იმუნიზაციის პროცესი შესაძლებელი უნდა იყოს დაახლოებით 95  კლინიკამდე.

„შემდგომ აგვისტოში კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ კლინიკების ჩამონათვალი და ბრიგადების ჩამონათვალი უნდა ავიდეს 250-მდე. ანუ Pfizer-ის აცრები ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ განხორციელდება ჰოსპიტალურ სექტორში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს შემოსული პირველი პარტია მილიონდოზიანი ხელშეკრულების ნაწილია და მეორე პარტია, მესამე პარტია თანდათანობით, ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს.

„წლის ბოლომდე, ამ ხელშეკრულებით მილიონ დოზაზე ოდნავ მეტი ქვეყანას უნდა ჰქონდეს. დამატებით, Pfizer-ი იქნა გამოყოფილი ამერიკის შეერთებული შტატების დონაციის ფარგლებში, რომლის კონტრაქტის დაზუსტება ამ დღეებში მიმდინარეობს. მალე გახდება ცნობილი, რამდენ დოზასა და როდემდე გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები დონაციას ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინების მარაგი ქვეყანაში დიდია. მან კვლავ მოუწოდა მოსახლეობას, რომ გაიკეთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

„ვაქცინების მარაგი დღეს საკმაოდ დიდია. გარდა Pfizer-ისა ქვეყანაში არის ნახევარი მილიონი Sinopharm და ნახევარი მილიონი Sinovac. დაახლოებით 50 000 დოზამდე AstraZeneca და დაემატა პირველი პარტია Pfizer-ისა. ყველა საფუძველი არის იმისა, რომ მასობრივი იმუნიზაცია გავაჩაღოთ. კარგია, რომ თანდათან იმუნიზაციის მაჩვენებელი ზემოთ მიდის.  ამ კვირაში გვაქვს  6 000 – 7 000. თანდათანობით უნდა ავიდეთ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელზე, რომელიც არის 20 000-დან 25 000-მდე, რომ საბოლოო სამიზნე ამ მაჩვენებელის 60% მოზრდილი მოსახლეობისა ავცრათ“, – განაცხადა მან.


„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში დღეს ჩამოვიდა. pfizer-ის ვაქცინა აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. pfizer-ით იმუნიზაციას მოქალაქეები პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ. pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.