„პოლიცია გახდა უმოქმედო“ - გორის საკრებულოს წევრი მეზობლებს ძალადობაში ადანაშაულებს

პუბლიკა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ირმა ამბარდნიშვილი მეზობლებს ჯგუფურ თავდასხმაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მას 3 პირი დაესხა თავს, აყენებდნენ შეურაცხყოფას და ესროდნენ საგნებს. იგი აღნიშნავს, რომ თავდამსხმელებმა პატრულის თანამშრომლებთან შსს-ს მაღალჩინოსანი ნათესავებისა და ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის სახელის ხსენება დაიწყეს.

„საპატრულო პოლიცია რომ მოვიდა, ეს 3 კრიმინალი აგრძელებდა ჩემს შეურაცხყოფას, ერთ-ერთმა მოძალადემ, რომელსაც 16 წელი აქვს გატარებული ციხეში, პატრულს სიამაყით უთხრა, რომ ამდენი წელი აქვს ციხეში გატარებული და მას ვერაფერს ვერ უზამდნენ, რადგან ის იყო შსს-ს მაღალჩინოსნის, კობაიძის ნათესავი, კიდევ სხვა მაღალჩინოსნები დაუსახელა, ასევე ლაშა ბექაურთან იყო გაზრდილი და ვერაფერს ვერ უზამდნენ. დაიბნნენ, პატრულმა აღარ იცოდა რა ექნა და ჩვეულებრივად, ერთი საათი აგინებინეს ჩემი თავი“, – აცხადებს აბარდნიშვილი.

საკრებულოს წევრის თქმით, ამბავი თავდასხმიდან 1 კვირის შემდეგ გაახმაურა, რადგან სამართალდამცველ უწყებას არ მოუხდენია შესაბამისი რეაგირება.

„ეს 2 მოძალადე, რომლებიც იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და იქვე პოლიციის თვალწინ მაგინებდნენ, გადაიღეს კიდევაც… აბსოლუტურად პოლიტიკური ნიშნით, იმის გამო, რომ ვიყავი საკრებულოს წევრი, პოლიცია გახდა უმოქმედო, რადგან ვიყავი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ამ არჩევნებზე ეს იყო პირველი სიგნალი ამ კრიმინალების წახალისებისა“, – აცხადებს გორის საკრებულოს წევრი.


როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

LB loan image desktop LB loan image mobile