„პოლიტიკურ შეფასებებს არ ვაკეთებ“ - გამყრელიძე ღარიბაშვილის წვეულებაში მონაწილეობაზე

პუბლიკა

„მე პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ“ – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რამდენად მიზანშეწონილია მთავრობის მეთაურის მონაწილეობა ხალმხრავალ ღონისძიებებში არსებული ეპიდვითარების ფონზე.

„ამასთან დაკავშირებით ბატონმა პრემიერ-მინისტრმა თვითონ გააკეთა განცხადება, მე პოლიტიკურ შეფასებებს არ ვაკეთებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.


„მერე რა, დანაშაულია ქეიფი?“ – ასე უპასუხა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა  ხალხმრავალ შეკრებაში მონაწილეობაზე.

7 აგვისტოს პრემიერ-მინისრტი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურთან ერთად სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა. ოლიმპიურ ჩემპიონს მშობლიურ სოფელში დახვედრა მოუწყვეს.

ქვეყანაში არსებული გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად,  facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხალხმრავალ სუფრას პრემიერ-მინისტრიც შეუერთდა.

მძიმე ეპიდვითარების ფონზე მთავრობის, ასევე საკოორდინაციო საბჭოს წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან რეკომენდაციები – ატარონ პირბადე, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, უარი თქვან თავყრილობების გამართვაზე, ასევე, ქორწილებისა და ქელეხების გადახდაზე.

ამ რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს თავად პრემიერი ღარიბაშვილიც. 26 ივლისის განცხადებაში მან ასევე აღნიშნა, რომ ეპიდვითარების გაუარესება, „უპასუხისმგებლო რამდენიმედღიანი აქციების შედეგი არის ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ მოხდა პრაქტიკულად გაორმაგება ინფიცირების შემთხვევების“.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, გამოვიჩინოთ ყურადღება და სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას, ეს იქნება ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრებები“, – დასძინა ღარიბაშვილმა.