საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრაქტიკის შესახებ სამართლებრივ მიმოხილვას აქვეყნებს.
დოკუმენტში ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცხრა საქმეს განიხილავს, რომლებშიც სასამართლომ პოლიტიკური პარტიების დაშლის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობა შეაფასა.
საიას მიმოხილვის თანახმად, ცხრა საქმიდან შვიდში ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა, რადგან პარტიების გაუქმება დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ორ საქმეში კი სასამართლომ პარტიების აკრძალვა გამართლებულად მიიჩნია.
საია აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული პლურალიზმის უზრუნველყოფაში არსებით როლს ასრულებენ, ამიტომ მათი გაუქმება უკიდურეს ღონისძიებად მიიჩნევა.
„პარტიის გაუქმება უკიდურესი ღონისძიებაა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ყველაზე მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამართლდეს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
ორგანიზაციის განმარტებით, სახელმწიფოს უფლება აქვს, დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით მისი საფუძვლების მოშლას ცდილობენ, თუმცა ამ უფლებამოსილების განხორციელება მკაცრ სამართლებრივ შეზღუდვებს ექვემდებარება.
საია ხაზს უსვამს, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მექანიზმების გამოყენების ლეგიტიმურობა თავად პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ბუნებას უკავშირდება.
„თუ პოლიტიკური სისტემა კარგავს დემოკრატიულ ხასიათს და თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება, ეს კონცეფცია შეიძლება დემოკრატიული წესრიგის დაცვის საშუალებიდან პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის იურიდიულ ინსტრუმენტად იქცეს“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.
რა სტანდარტებს ადგენს ევროპული სასამართლო?
საიას მიმოხილვაში განხილულია როგორც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გამამართლებელი საქმეები, ისე ისეთი საქმეები, რომლებშიც ევროპულმა სასამართლომ პარტიების დაშლა გაუმართლებლად მიიჩნია.
მაგალითად, საქმეში Refah Partisi and Others v. Turkey (2003) სასამართლომ დაადგინა, რომ პარტიის აკრძალვით კონვენციის მე-11 მუხლი არ დარღვეულა. სასამართლომ გაითვალისწინა პარტიის ლიდერების განცხადებები შარიათზე დაფუძნებული სამართლებრივი სისტემის დამკვიდრებისა და ამ მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა.
კიდევ ერთი გამამართლებელი მაგალითია საქმე Herri Batasuna and Batasuna v. Spain (2009). ამ შემთხვევაში ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პარტიები დაშალა იმ დასკვნის საფუძველზე, რომ მათი ქმედებები ETA-ს ტერორისტული სტრატეგიის განხორციელებას ემსახურებოდა და მათ ამ ორგანიზაციასთან კავშირი ჰქონდათ. ევროპულმა სასამართლომ ეროვნული სასამართლოების დასკვნები მტკიცებულებების დეტალური შეფასების საფუძველზე გონივრულად მიიჩნია.
საპირისპირო მაგალითია საქმე United Communist Party of Turkey and Others v. Turkey (1998), რომელშიც ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია, სხვა გარემოებებთან ერთად, სახელწოდებაში სიტყვა „კომუნისტურის“ გამოყენების გამო დაშალეს.
სასამართლომ განმარტა, რომ პარტიის სახელწოდების არჩევა, სხვა შესაბამისი და საკმარისი გარემოებების გარეშე, მისი გაუქმების გასამართლებლად საკმარისი არ იყო.
მიმოხილვაში ასევე განხილულია საქმეები, რომლებშიც სასამართლომ პოლიტიკური პროგრამების, მათ შორის სახელმწიფოს არსებული მოწყობის შეცვლისა და ქურთული საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ წინადადებების გამო პარტიების აკრძალვა გაუმართლებლად მიიჩნია.
საიას თანახმად, განსხვავებული პოლიტიკური პროგრამების შეთავაზებისა და განხილვის შესაძლებლობა დემოკრატიის არსებითი მახასიათებელია, მათ შორის მაშინაც, როდესაც ეს პროგრამები სახელმწიფოს არსებული მოწყობის შეცვლას ითვალისწინებს, თუ ისინი თავად დემოკრატიას არ აზიანებს.
რა შემთხვევაში შეიძლება პარტიის აკრძალვა გამართლდეს?
საიას განმარტებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვისას აუცილებელია შეფასდეს, რამდენად რეალური და მოახლოებულია დემოკრატიისთვის საფრთხე, არსებობს თუ არა პარტიისთვის კონკრეტული განცხადებებისა და ქმედებების მიკუთვნების საფუძველი და რამდენად პროპორციულია მიღებული ზომა.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, შესაძლებელი იყო თუ არა დასახული მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებებით.
„პოლიტიკური პარტიის გაუქმება, როგორც განსაკუთრებით მკაცრი ჩარევა, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მისი აუცილებლობა დამაჯერებლად არის დასაბუთებული“, – ნათქვამია საიას მიმოხილვაში.
საია ასევე მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო გაერთიანების, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს ეფუძნება. საქართველოს რატიფიცირებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, რითაც ამ დოკუმენტებით გათვალისწინებული უფლებების დაცვის ვალდებულება აიღო.