„პოლიტიკური თაღლითობა“ - ღარიბაშვილი მიშელის დოკუმენტზე ენმ-ის ხელმოწერას აფასებს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელის მოწერა „პოლიტიკურ თაღლითობად“ შეაფასა.

„ისინი დღეს გამოდიან და საუბრობენ რაღაც მაღალ მატერიებზე. თუნდაც, გუშინ გავიგეთ, რომ მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს. ეს ძალიან მარტივად გასაგები და ასახსნელია. 3 თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დარჩენილი რეფორმები ბოლომდე გატარდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტრაგედიაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური პარტიაა.

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტიისგან, ეს ტრაგედიაა, რომ ეს ძალა ჯერ კიდევ  არის მეორე პოლიტიკური ძალა, ოპოზიციური პარტია ქვეყანაში. ეს არის სირცხვილი და ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. ეს კატასტროფის ტოლფასია, რომ მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამ ჯალათების და მკვლელების კორპორაციას. ვნახეთ, რომ არავითარი პროგრესი, არავითარი კომპრომისი მათი მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, მათ გააგრძელეს საბოტაჟი, დესტრუქცია, პარლამენტში როგორ იქცეოდნენ და რეალურად, ვნახეთ, რომ მათი მხრიდან არაფერი შეიცვალა. არც შეიცვლება. ვის აქვს ილუზია და ვის სჯერა, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ახალაია, შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები, ეს ხომ აბსურდია, მეგობრებო. ეს იგივეა, რომ ეშმაკმა გვითხრას, აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ. ეს ხომ პრიმიტიულობაა, გულუბრყვილობაა, შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის და ჩვენი თავის, რომ ასეთ პოლიტიკურ თაღლითებს დღეს კიდევ ვინმემ რაიმე დაუჯეროს“, – განაცხადა პრემიერმა.


პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერა ხელი. პარტიის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მათი გადაწყვეტილების მიზანია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს შესაძლებლობა, ზურგი აქციოს ქვეყნის დასავლურ საგარეო კურსს.