პოლონელი ტურისტის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ დევნა შეწყდა, შეურაცხადობის გამო – პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლონელი ტურისტის ი.კ.-ს მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მიმართ, შეურაცხადობის გამო, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაცით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებით დაადგინა, რომ ბრალდებული 2021 წლის 5 ივლისს თბილისში ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული ვიზიტით მყოფ პოლონეთის მოქალაქე ი.კ-ს და განზრახ მოკვლის მიზნით, დანით  სხეულის სხვადასხვა ადგილას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, პოლონეთის მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით, გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

საქმეზე კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებული დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით – პარანოიდული შიზოფრენიით (კოდი – F20.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროს მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები. ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებულს არ შესწევს უნარი ანგარიში გაუწიოს თავს, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ასევე, მისი ფსიქიკური მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას, რადგან არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და არსებობს საკუთარი თავის და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებული იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას საჭიროებს.

ამდენად, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.